ფეხბურთი

21:23 | 16.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ლევან შენგელიას გადამწყვეტი შედევრი

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-18 ტური და შესაბამისად, მეორე წრე დასრულდა. ბოლო შეხვედრა „დინამო არენაზე“ „დინამო თბილისსა“ და „ვიტ ჯორჯიას“ შორის შედგა და გულშემატკივარმა მეტად დაძაბული დაპირისპირება იხილა.

ფელის ვისენტეს გუნდი ამ შეხვედრას ჩინებული სერიით შეხვდა, ხოლო „ვიტ ჯორჯიას“ ბანაკში საპირისპირო ვითარება იყო, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ტურში მოგებული ჰქონდა. „ვეტერინარები“ ახლოს იყვნენ სასურველ შედეგთან, მაგრამ ლევან შენგელიას დიდოსტატურმა გოლმა ყველაფერი შეცვალა.

მასპინძლებმა თამაში აქტიურად დაიწყეს და ლევან კუტალიას ანგარიშის გახსნა შეეძლო, მაგრამ ხელსაყრელი სიტუაციიდან ვერ გაიტანა. სამაგიეროდ, 1 წუთში გაიტანა დმიტრო ივანისენიამ, რომელმაც კუთხურის შემდეგ მეორე სართულზე პოზიცია მოიგო და ზუსტად დაარტყა. გაშვებულმა გოლმა სტუმრები გამოაფხიზლა და „ვიტ ჯორჯიამ“ შეტევებსაც მოუხშირა, რასაც ლოგიკური დასასრული მოჰყვა - გოლი. თუმცა, თავად ეპიზოდი გოლს ნამდვილად არ მოასწავებდა, რადგან მოსიაშვილმა შორი მანძილიდან დაარტყა, ხოსე პერალესი თითქოს სიტუაციას აკონტროლებდა, მაგრამ ასე არ ყოფილა და ანგარიში გათანაბრდა.

მეორე ნახევარში „ვიტელები“ თავს შესანიშნავად იცავდნენ და რამდენიმე წუთი დააკლდათ ქულის მოპოვებამდე. 90-ე წუთი მიმდინარეობდა, როდესაც ლევან შენგელიამ ბრწყინვალედ ითამაშა - ჩვეულ სტილში, მარჯვენა ფლანგიდან ოდნავ ცენტრისკენ შეიწია და მარცხენა ფეხით მეკარისგან შორეული ცხრიანი დალაშქრა - ფანტასტიკური გოლი იყო, ნებისმიერი რანგის ფეხბურთელი რომ მოაწერდა ხელს...

„დინამომ“ მძიმედ, მაგრამ მაინც მოიგო და 32 ქულა დააგროვა, რისი წყალობითაც მეორე წრე მესამე ადგილზე და ლიდერ „საბურთალოსთან“ 6-ქულიანი ჩამორჩენით დაასრულა. „ვიტ ჯორჯია“ კი მძიმე ვითარებაშია, რადგან 14 ქულით „რუსთავთან“ ერთად ბოლო ადგილს ინაწილებს.

„დინამო თბილისი“ – „ვიტ ჯორჯია“ 2:1 (1:1)

გოლები: 1:0 ივანისენია (14), 1:1 მოსიაშვილი (42), 2:1 შენგელია (90)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113097