ფეხბურთი

16:44 | 16.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ევროპის ჩემპიონატი U21: ფეხბურთის ხვალინდელი დღე

დღეს იტალიაში ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატი დაიწყება. ეს საინტერესო ტურნირია, მომავალი ვარსკვლავები (ზოგიც უკვე შემდგარი ვარსკვლავი) ითამაშებს და ბუნებრივია ინტერესი ყოველთვის დიდია.

თავიდანვე გეტყვით, რომ ტურნირში 12 გუნდი ითამაშებს, რომლებიც სამ ოთხგუნდიან ქვეჯგუფში არიან გადანაწილებულნი.

A ჯგუფი

იტალია, ესპანეთი, პოლონეთი, ბელგია

B ჯგუფი

გერმანია, დანია, სერბეთი, ავსტრია

C ჯგუფი

ინგლისი, საფრანგეთი, რუმინეთი, ხორვატია

გახსნის მატჩი რეჯიო ემილიაში გაიმართება და პოლონეთი ბელგიას დაუპირისპირდება, ხოლო დღის და საერთოდ, ტურის ცენტრალური დაპირისპირება ბოლონიაში, მასპინძელ იტალიასა და ესპანეთს შორის შედგება.

იტალია და ესპანეთი ტურნირის მთავარ ფავორიტებში განიხილებიან. ეს ერთიშეხედვითაც ჩანს, შემადგენლობას თვალს თუ გადავავლებ: იტალიელთა რიგებშ ფედერიკო კიეზა, ნიკოლო ბარელა, მოიზე კინი, ალექს მერეტი, პატრიკ კუტრონე, ლორენცო პელეგრინი, სანდრო ტონალი, ნიკოლო ძანიოლო უნდა გამოვყოთ, ხოლო ესპანელთაგან ჟუნიორ ფირპო, ხესუს ვალიეხო, დანი სებალიოსი (წინა ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი), ფაბიან რუისი, ბორხა მაიორალი, მიკელ მეინო, პაბლო ფორნალსი და კარლო სოლერი.

რა თქმა უნდ, ფავორიტთა შორის არიან გერმანია, საფრანგეთი და ინგლისიც. ალემანების რიგებში ჯონათან ტა, მაჰმუდ დაუდი, ლუკას კლოსტერმანია, ნადიმ ამირი, არნე მაიერი გამოირჩევიან. ინგლისის ნაკრებში ფილ ფოდენი, მეისონ მაუნთი, რაიან სესენიონი, დომინიკ სოლანკე, ტამი აბრაჰამი, ითამაშებენ, ხოლო საფრანგეთის ნაკრებიც არ უჩივის ტალანტების რაოდენობას - იბრაჰიმა კონატე, დაიო უპამეკანო, მალან სარი, მატეო გენდუზი, ოლივიე ნტჩამი, ჰუსემ ოუარი, ლუკას ტუსარი, მუსა დემბელე, მარკუს ტურამი.

დანარჩენ გუნდებში ცალკეულად არიან გამორჩეული მოთამაშეები. ხორვატიაში ალენ ჰალილოვიჩი, სერბეთის ნაკრებში ახლახან მადრიდის „რეალში“ გადასული ლუკა იოვიჩი, დანიაში, იოახიმ ანდერსენი და რობერტ სკოვი.

სხვათა შორის, იტალიის გარდა ტურნირს სან მარინოც უმასპინძლებს. კერძოდ, ქალაქი სერავილე, რომლის სტადიონი სულ რაღაც 5 ათას მაყურებელზეა გათვლილი. იტალიაში კი მასპინძელი ქალაქები არიან:

ბოლონია - 31.000

ტრიესტე - 20.500

უდინე - 25.151

რეჯიო ემილია - 21.500

ჩეზენა - 20.194

ტურნირის ისტორია

ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი პირველად 1972 წელს ჩატარდა და გამარჯვებული ჩეხოსლოვაკიის ნაკრები გახდა. უნდა აღინიშნოს, რომ თავდაპირველი სამი გათამაშება ოფიციალურად 23-წლამდე ევროპის ჩემპიონატის სახელწოდების იყო, ხოლო 1978 წლიდან 21-წლამდე გახდა. ყველაზე მეტჯერ ჩემპიონი იტალია გამხდარა, რომელმაც 5-ჯერ მოახერხა პირველი ადგილის დაკავება (1992, 1994, 1996, 2000, 2004) მათ შორის, ზედიზედ სამჯერ (1992, 1994, 1996). საერთოდ, „აძურინი“ ყველაზე წარმატებული გუნდია ევროპის 21 წლამდე ჩემპიონატზე. 5 ჩემპიონის ტიტულის გარდა, ორჯერ ფინალში დამარცხდა (1986, 2013 წლებში), ხოლო ხუთჯერ მესამე ადგილზე გავიდ. მოქმედი ჩემპიონია გერმანია, რომელმაც ორი წლის წინ ფინალში ესპანეთს აჯობა.

ესპანეთს ოთხჯერ აქვს მოგებული ეს ტურნირი, ხოლო გერმანიას, ინგლისს, ჰოლანდიასა და საბჭოთა კავშირს ორ-ორჯერ. ნიშანდობლივია, რომ 1980 წელს ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონები ალექსანდრე ჩივაძე და რამაზ შენგელია გახნდნენ საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაში. მეტიც, შენგელია 3 გოლით ტურნირის საუკეთესო ბომბარდირიც გახდა.

აქვე ყველა ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელებს ჩამოგითვლით და დარწმუნდებით, რომ მომავალი ვარსკვლავების საბადოა:

ვაჰიდ ჰალიჰოჯიჩი (იუგოსლავია, 1978), ანატოლი დემიანენკო (უკრაინა, 1980), რუდი ფიოლერი (გერმანია, 1982), მარკ ჰატელი (ინგლისი, 1984), მანოლო სანჩისი (ესპანეთი, 1986), ლორან ბლანი (საფრანგეთი, 1988), დავო შუკერი (ხორვატია, 1990), რენატო ბუსო (იტალია, 1992), ლუიშ ფიგუ (პორტუგალია, 1994), ფაბიო კანავარო (იტალია, 1996), ფრანსესკ არნაუ (ესპანეთი, 1998), ანდრეა პირლო (იტალია, 2000), პეტრ ჩეხი (ჩეხეთი, 2002), ალბერტო ჯილარდინო (იტალია, 2004), კლაას-იან ჰუნტელაარი (ჰოლანდია 2006), როისტონ დრენტე (ჰოლანდია, 2007), მარკუს ბერგი (შვედეთი, 2009), ხუან მატა (ესპანეთი, 2011), ტიაგო ალკანტარა (ესპანეთი, 2013), ვილიამ კარვალიო (პორტუგალია, 2015), დანი სებალიოსი (ესპანეთი, 2017).

2015 წლის 17 ივნისს, უეფამ ევროპის 21 წლამდე ჩემპიონატების ყველა დროის სიმბოლური ნაკრებიც შეადგინა, რომელიც მართლაც ვარსკვლავურია:

მანუელ ნოიერი (გერმანია), მატს ჰუმელსი (გერმანია), ჯორჯო კიელინი (იტალია), ალესანდრო ნესტა (იტალია), ბრანისლავ ივანოვიჩი (სერბეთი), ფრენკ ლამპარდი (ინგლისი), მესუთ იოზილი (გერმანია), ანდრეა პირლო (იტალია), ჩავი (ესპანეთი), ფრანჩესკო ტოტი (იტალია), რაული (ესპანეთი).

ბოლოსკენ გეტყვით, რომ ჯგუფებიდან მხოლოდ პირველადგილოსნები და საუკეთესო მეორეადგილოსანი გავა. შესაბამისად, დარჩენილი ოთხი ნაკრები ნახევარფინალიდან გააგრძელებს ასპარეზობას.

0.111876