სხვა

21:50 | 15.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრები პლეიოფში და ფინალშია!

საქართველოს ნაკრები IHF ერთა ჩემპიონატის ფინალშია. ნახევარფინალში ხელბურთის ეროვნულმა გუნდმა 28-21 მოუგო დიდ ბრიტანეთს და ხვალ, 20 საათზე, სპორტის სასახლეში, ფინალში ეთამაშება კუბას.

მეორე ნახევარფინალში კუბამ დამატებით დროში 39-36 მოუგო ბულგარეთს, რაც იმას ნიშნავს რომ ამ ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა თავისი პირველი ამოცანა შეასრულა: მონაწილე 6 ევროპულ ქვეყანას შორის საუკეთესო შედეგი აჩვენა და ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის მეორე შესარჩევი ეტაპის, პლეიოფის საგზური მოიპოვა.

15 ივნისი, თბილისის სპორტის სასახლე

საქართველო - დიდი ბრიტანეთი 28-21

საქ: თევზაძე 14/34, ცინცაძე 0/1 - ცხოვრებაძე 9/8 (6 პასი), ჩიქოვანი 8/4, გოგოლაძე 8/4, ორჯონიკიძე 6/3, რუსტამოვი 3/3, კბილაშვილი 3/2 (6 პასი), არსენაშვილი 4/2, დიხამინჯია 2/2, მიქავა 1/0, მერკვილაძე 1/0, კალანდაძე, იმნაძე - მწვ. მაქსიმოვიჩი, ორჯონიკიძე

ბრი: ინსოუ 8/33, მაკლელანდი 1/4 - ედგარი 7, ნეგრეტე 4, და სილვა 3, პოლინი 2, ტაილერი 2, ვაითი 2, გრინი 1, მორლი ჰოვარდი, თომასი, პრაისი, ვენეიბლზი

მსაჯები: ჰერმანი, მადსენი (დანია)

სამდივნო: სოდალი (ნორ) - რაიზინგერი (ავს), ფულეოვა (ტუნ) - (საქ)

საქართველოს ნაკრებს ამ ტურნირზე ყველაზე დიდი წინააღმდეგობა ბრიტანეთმა გაუწია. მეტოქის მწვრთნელებს ჩვენი გუნდი კარგად ჰყავდათ შესწავლილი - ბრიტანეთმა თავიდანვე 5-1 დაცვის თამაში დაიწყო, თან ეს მცველი საკმაოდ მაღლა იყო აწეული, რაც, ნიშნავდა, რომ ბრიტანელებს ირაკლი ჩიქოვანის მაქსიმალურად შეზღუდვა ჰქონდათ მიზნად. მეათე წუთზე ჩვენი მეტოქე 4-2 დაწინაურდა.

ანგარიში მალე გავათანაბრეთ და ტაიმი 13-10 მოვიგეთ, ამ ცამეტიდან კი 7 ბურთი გიორგი ცხოვრებაძეს ჰქონდა გატანილი. ბრძოლა მეორე ნახევარშიც გაგრძელდა, დასრულებამდე 15 წუთით ადრე სხვაობა 2 ბურთი იყო (18-16).

ამ მომენტში ძალიან საჭირო გოლები გაიტანეს დიხამინჯიამ, რომლებიც მწვრთნელებმა ჩვეულ, მარჯვენა გარემარბის პოზიციაზე დააყენეს, რუსტამოვმა და არსენაშვილმა (21-16) - ბრიტანეთი საბოლოოდ გატყდა, მატჩს წერტილი ჩიქოვანისა და ცხოვრებაძის გათამაშებულმა ლამაზმა კომბინაციამ დაუსვა 28-21, ხოლო ცხოვრებაძემ მატჩის საუკეთესო მოთამაშის პრიზი მიიღო.

გიორგი ცხოვრებაძე: - ძალიან გამიხარდა რომ მოვიგეთ, ვამაყობ ჩემი გუნდით. პირველი ტაიმი იყო დაძაბული, ბევრი შეცდომები დავუშვით. პირველი ტაიმი დავასრულეთ სამი ბურთის მოგებით, მეორე ტაიმში უფრო მეტად მოვინდომეთ, რის შედეგადაც გავიმარჯვეთ. ჯერ არ ვიცითნ ვინ იქნება ჩვენი მოწინააღმდეგე ფინალში, თუმცა, ვინც არ უნდა იყოს, ჩვენს მაქსიმუმს ჩავდებთ თამაშში და ვეცდებით გავიმარჯვოთ.

ინგლისის ნაკრების მწვრთნელი რიკარდო ვასკონსელოსი: - კმაყოფილი არ ვარ, რადგან ყოველთვის მეტი მინდა, მაგრამ იმავდროულად მეტოქის ძალასაც ობიქტურად ვაფასებ. საქართველომ ამ ტურნირის მოსაგებად ბევრი გაიღო და ვფიქრობ დღევანდელ შეხვედრაშიც ძლიერმა გაიმარჯვა. ჩვენ ყველა ასპექტზე გვაქვს სამუშაო და სწორედ ამიტომ ვართ აქ და გვიხარია რომ ასეთ მეტოქეებთან ასეთ გადამწყვეტ შეხვედრებს ვატარებთ. ეს ჩვენ უეჭველად წაგვწევს წინ. ხვალ, მესამე ადგილისთვის დიდი ბრძოლა გველის და გამარჯვებისთვის ყველა ღონეს ვიხმართ.

დღის ერთ-ერთ ყველაზე დაძაბულ მატჩში, 9-12 ადგილებისთვის პლეიოფში, ინდოეთმა და ირლანდიამ ფრედ, 32-32 ითამაშეს. ფრე იყო შვიდმეტრიანების პირველი სერიის შემდეგ (35-35) და მხოლოდ მეათე დარტყმამ გამოავლინა გამარჯვებული - ინდოეთმა 39-38 მოიგო. ხვალ ფინალი 8 საათზეა, იქამდე კი, დილის 10 საათიდან, სპორტის სასახლეში გამოვლინდება ყველა ადგილის მფლობელი მეთორმეტიდან მესამემდე.

ხელბურთი. IHF ერთა მსოფლიო ჩემპიონატი

8-16 ივნისი, 2019 - თბილისის სპორტის სასახლე

15 ივნისი, ნახევარფინალი

9-12 ადგ: აზერბაიჯანი – მალტა 37-32

9-12 ადგ: ირლანდია – ინდოეთი 38-39 (შვიდმეტრიანებით, ძ.დ. 32-32)

5-8 ადგ: ჩინეთი – ნიგერია 28-24

5-8 ადგ: აშშ – კოლუმბია 42-32

1-4 ადგ: საქართველო – ბრიტანეთი 28-21

1-4 ადგ: კუბა – ბულგარეთი 39-36 დ.დ (32-32)

16 ივნისი, ფინალი

10:00 11-12 მალტა - ირლანდია

12:00 9-10 აზერბაიჯანი - ინდოეთი

14:00 7-8 ნიგერია - კოლუმბია

16:00 5-6 ჩინეთი - აშშ

18:00 3-4 ბრიტანეთი - ბულგარეთი

20:00 1-2 საქართველო - კუბა

ყველა თამაშის რეპორტაჟი და ჩანაწერი:

https://www.youtube.com/channel/UCc7vs-kXPE7R5SezSGa9cUA

ოფიციალური ვებ-გვერდი: https://emerging2019.geohandball.ge/ka/

https://competition.ihf.info/

0.247788