კალათბურთი

0:40 | 15.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს 20-წლამდე კალათბურთელთა ნაკრები სლოვენიელ თანატოლებთან დამარცხდა

სლოვენიაში საწვრთნელ შეკრებაზე მყოფმა საქართველოს 20-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა სლოვენიელ თანატოლებთან სპარინგ მატჩი გამართა და 7 ქულის სხვაობით – 64:71 დამარცხდა. მილოშ გლიგორიევიჩის გაწვრთნილმა გუნდმა მასპინძლებს მესამე და მეოთხე პერიოდები შესაბამისად 19:15 და 17:11 მოიგო, თუმცა პირველი ნახევარი ჰქონდა 17 ქულით წაგებული და…

თუმცა ეს ის შემთხვევაა, როცა შედეგს ნაკლები მნიშვნელობა აქვს და მთავარი ახალი მწვრთნელისთვის დასახული გეგმების განხორციელება, გუნდის სათანადო კონდიციაში მოყვანაა. ამ მხრივ სლოვენიის 20-წლამდელთა ნაკრებთან მატჩს დადებითი მნიშვნელობა ჰქონდა.

საქართველოს მეტოქეს მოხსნებში აჯობა და ფარიდან ასხლეტილი ბურთი მეტოქეზე 12-ით მეტჯერ მოხსნა. სლოვენიელებმა ქართველებს შედეგიან გადაცემებში, საჯარიმო სროლებში და 3 სამქულიანით აჯობეს. ჩვენს ნაკრებში 10-ქულიანი ბარიერი ნიკა მეცხვარიშვილმა დაძლია, რომელმაც 13 ქულა და 6 მოხსნა მიითვალა. რატი ანდრონიკაშვილმა 9 ქულა დაგროვა, ზაურ ჯანელიძის ანგარიშზე კი 7 ქულა დაგროვდა.

შემდეგ სპარინგ მატჩს ქართველები სლოვენიის 18-წლამდელთა ნაკრებთან გამართავენ. შეხვედრა 16 ივნისს გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის (B დივიზიონი) ემზადება, რომელიც 12-21 ივლისს პორტუგალიის ქალაქ პორტოში გაიმართება. ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში 21 გუნდია, რომლებიც 4 ჯგუფში არიან განაწილებულნი.

საქართველო 6-გუნდიან, C ჯგუფში მოხვდა შვედეთთან, ჰოლანდიასთან, ესტონეთთან, კოსოვოსა და სომხეთთან ერთად. თითო ჯგუფიდან პლეი ოფში 2 საუკეთესო გადის და აგრძელებს ბრძოლას ტურნირის სამეულში მოსახვედრად. გათამაშების ფორმატის თანახმად, B დივიზიონის საუკეთესო 3 გუნდი შემდეგი, 2020-2021 წლების სეზონისთვის ელიტარულ, A დივიზიონში იასპარეზებს.

სლოვენია – საქართველო 71:64

www.gbf.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.129636