საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა "საბურთალომ" კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-18 ტურში "სიონი" 2:1 დაამარცხა. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში ანგარიში 25-ე წუთზე გიორგი დიასამიძემ გახსნა. 65-ე წუთზე კი თორნიკე გორგიაშვილის გოლის შემდეგ მასპინძლები ორბურთიანი სხვაობით დაწინაურდნენ. სტუმართაგან ერთი გოლის გატანა დავით კირკიტაძემ 78-ე წუთზე შეძლო.
გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა დაგეგმილი სამი ქულა მოიპოვა და დროებით სატურნირო ცხრილში გალიდერდა. "საბურთალო" ბათუმის "დინამოს" ერთი ქულით უსწრებს, თუმცა შავიზღვისპირელებს აღნიშნულ ტურში მატჩი არ ჩაუტარებიათ. მომდევნო ტურში კი აღნიშნული გუნდები ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. "სიონი" 22 ქულით გასავარდ ზონასთან (მე-7 ადგილი) ახლოს იმყოფება. თეიმურაზ შალამბერიძის შეგირდები მომდევნო ტურში ქუთაისის "ტორპედოს" დაუპირისპირდებიან.