საქართველოს ტყვიის მსროლელთა ნაკრებმა მორიგი შეკრება დაიწყო ბაქოში. აზერბაიჯანში ეროვნული და ახალგაზრდული გუნდები წავიდნენ, რომლებსაც განსხვავებული მიზნები აქვთ.
კერძოდ, უფროსები მეორე ევროპული თამაშებისთვის ემზადებიან, რომელიც სტარტს 22 ივნისს აიღებს მინსკში, იქ კი საქართველოდან ოლიმპიური და მსოფლიოს ექვსგზის, ევროპის ცამეტგზის ჩემპიონი ნინო სალუქვაძე, მესამე ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედალოსანი, ახალგაზრდებში ევროპის ვიცე-ჩემპიონი ნინო ხუციბერიძე და ახალგაზრდებში გუნდურში ევროპის მესამე პრიზიორი ცოტნე მაჭავარიანი გამოვლენ. მათთან ერთად შეკრებაზეა ლევან ქადაგიძე, ვინც მინსკში მწვრთნელის როლში იქნება.
ახალგაზრდები ივლისში გერმანულ ზულში გასამართავი თანატოლთა დიდი საერთაშორისო ტურნირისთვის ემზადებიან, ამ მიზნით კი ბაქოში ახალგაზრდებში ევროპისა და მსოფლიოს მესამე პრიზიორი ლიზი კილაძე, მარიამ ქობულაშვილი და საფრანგეთის “დიდი პრიზის“ გამარჯვებული აკაკი მოსულიშვილი ივარჯიშებენ.
ჩვენი ნაკრები ბაქოდან 16 ივნისს დაბრუნდება და მეორე დღესვე ნინო სალუქვაძის ტირში თბილისის თასის გათამაშებაში ჩაებმება.
საქართველოს სროლის სახეობათა ეროვნული ფედერაციის პრესსამსახური