კალათბურთი

13:41 | 14.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

გოგა ბითაძე: “დრაფტზე არჩევა ჩემს ოცნებებს რეალობად აქცევს”
ბოლო მონაცემებით, ქართველი ცენტრი, ყველაზე ახლოს “ატლანტა ჰოუქსთანაა”

როგორც უკვე ვიუწყებოდით, 19 წლის ქართველი კალათბურთელი გოგა ბითაძე წინასადრაფტო ვარჯიშებზე “ატლანტა ჰოუქსის” მიერ იყო მიწვეული, წვრთნის შემდეგ კი, მცირე კომენტარი გააკეთა:

“იმედი მაქვს, დრაფტზე ამირჩევენ. ეს ჩემს ოცნებებს რეალობად აქცევს. სადაც არ უნდა მოვხვდე, მაქსიმუმს გავაკეთებ და 100%-ით დავიხარჯები”.
შეგახსენებთ, რომ გოგამ ატლანტამდე “სან ანტონიო სპურსის” “ვორქაუთზე” იყო, დრაფტამდე დარჩენილ დღეებში კი “ბოსტონში”, “შარლოტსა” და “დეტროიტშიც” ივარჯიშებს.

შეგახსენებთ, რომ NBA-ს მოახლოებული დრაფტი 20 ივნისს ნიუ იორკში, კერძოდ კი, ბრუკლინის “ბარქლაი სენთერში” გახლავთ დაგეგმილი, ამდენად, მნიშვნელოვან მოვლენამდე კვირაზე ნაკლები რჩება.
კალათბურთის ქართველი ქომაგისთვის კი მოვლენები ძალიან პოზიტიურად ვითარდება. საქმე ის გახლავთ, რომ თუკი ჯერ კიდევ თვის დასაწყისში, ბითაძეს დრაფტის პირველი რაუნდის ბოლოსკენ არჩევას უწინასწარმეტყველებდნენ, ახლა, ჩვენებურის აქციები გაცილებით მომატებულია.
გუშინდელი ინფორმაციით, გოგა ე.წ. “მწვანე ოთახში” მიიწვიეს, სადაც მხოლოდ ის კალათბურთელები ხვდებიან, ვისაც დრაფტის მოწინავე პოზიციებზე მოხვედრა გარანტირებული აქვთ. ბოლო მონაცემებით, ძალიან დიდია შანსი, რომ ბითაძე “ლატარიის ზონაში” ვიხილოთ, რაც მის პირველიდან თხუთმეტ ნომრამდე არჩევას ნიშნავს.

და როგორი არჩევანი აქვთ იმ კლუბებს, რომელთაც ქართველი ტალანტი დრაფტამდე სავარჯიშოდ თავისთან იხმეს. სადღეისოდ, გოგა ყველაზე ახლოს “ატლანტა ჰოუქსთან” არის, რომელსაც მოწინავე ადგილებზე ერთბაშად სამი ნომერი (მე-6, მე-10 და მე-17) აქვს.
შემდეგ მოდიან “შარლოტი” (მე-12), “ბოსტონი” (მე-14, მე-20 და 22-ე), “დეტროიტი” (მე-15) და “სან ანტონიო” (მე-19 და 29-ე).

0.112056