„ტორონტომ“ ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ფინალური სერიის მეექვსე მატჩში, სტუმრად „გოლდენ სტეიტი“ 114:110 დაამარცხა და ისტორიაში პირველად მოიპოვა ასოციაციის ჩემპიონის ტიტული. სერია 4:2 დამთავრდა ტორონტოელთა სასარგებლოდ.
ფინალურ საყვირამდე რვა წამით ადრე როცა ანგარიში 110:111 იყო, „გოლდენ სტეიტის“ ლიდერმა, სტეფენ კარიმ სამქულიანი ტყორცნა ვერ გამოიყენა და ეს ეპიზოდი გადამწყვეტი აღმოჩნდა მატჩში.
შეხვედრის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე „უორიორზის“ მცველი, კლეი ტომსონი გახდა 30 ქულით და 5 მოხსნით.
გამარჯვებულთა რიგებში საუკეთესოები იყვნენ კაილ ლოური (26 ქულა, 7 მოხსნა, 10 პასი), კამერუნელი პასკალ სიაკამი (26 ქულა, 10 მოხსნა, 3 პასი), და ფრედ ვანვლიტი (22 ქულა, 6 მოხსნა და 3 პასი).
„გოლდენ სტეიტის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, კევინ დურანტმა, მატჩში ტრავმის გამო ვერ მიიღო მონაწილეობა. მან სერიის მეხუთე შეხვედრაში აქილევსის მყესი დაიზიანა.
ამრიგად, „ტორონტომ“ მეექვსე მატჩი მოიგო და დაარსების შემდეგ (1995), პირველად მოიპოვა ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ჩემპიონის ტიტული.
„გოლდენ სტეიტი“ ზედიზედ მეხუთედ თამაშობდა ფინალში, საიდანაც სამჯერ გაიმარჯვა. აქედან შარშან და შარშანწინ ზაზა ფაჩულიასთან ერთად.