ჭიდაობა

18:10 | 13.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ლიონის ისტორიული წარმატება და სტიმული ქართველი ჭაბუკებისთვის

ქალაქ ნიმში გაიმართა საფრანგეთის თასის გათამაშება ჭაბუკ მოჭიდავეთა შორის. ამ ტრადიციულ და პრესტიჟულ შეჯიბრებაში, საქართველოს ჭიდაობის ისტორიაში პირველად მიიღეს მონაწილეობა ქართველმა ჭაბუკებმა ლეგიონერების რანგში.

ნიკა ფესტვენიძე და ანზორ გოლუბიანი ლიონის გუნდის სახელით გავიდნენ ხალიჩაზე და სწორედ მათმა წარმატებულმა გამოსვლამ მოუტანა ლიონელებს ისტორიული შედეგი - ბრინჯაოს მედალი. საინტერესოა, რომ გუნდურ შეჯიბრებაში სულ ხუთ წონით კატეგორიაში ტარდებოდა შეხვედრები და ორი ქართველის მიერ მოპოვებული ქულებით ლიონის გუნდმა თავისი 30-წლიანი არსებობის მანძილზე პირველად შეძლო საპრიზო სამეულში მოხვედრა.

ლიონში, ქართველი სპორტსმენების ჩაყვანის ერთ-ერთი ინიციატორი და მასპინძელი იყო ლევან ჩერტკოევი, რომელსაც საფრანგეთში ტექნიკური ექსპერტის და ჭიდაობის პროფესორის წოდება აქვს. ხშირად უწევს კომუნიკაცია იქაურ კლუბებთან და ლიონში თავადაც ჩამოაყალიბა კლუბი, რომელშიც ძირითადად ქართველი ემიგრანტების შვილები ვარჯიშობენ.

ლევან ჩერტკოევი: "ეს ისეთი ასაკობრივი ჯგუფია, სპორტსმენებს ფსიქოლოგია ბოლომდე არ აქვთ ჩამოყალიბებული. ხშირად უცრუვდებათ გული და ძალიან ბევრი შემთხვევაა, როდესაც პერსპექტიული მოჭიდავეები სულ პატარა წარუმატებლობის თუ უიღბლობის შემდეგ, ვარჯიშს თავს ანებებენ.

კადეტი მოჭიდავეების უცხოეთში მივლინება ევროპის სხვადასხვა ლიგებში მონაწილეობის გამოცდილების მისაღებად არის საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის - გეგა გეგეშიძის ინიციატივით წამოწყებული პროექტის ნაწილი, რაც მიზნად ისახავს, რაც შეიძლება მეტი სპორტსმენის დარჩენას აქტიურ სპორტში. მისივე ინიციატივით, უცხოეთის კლუბებში ვარჯიშის და საკლუბო შეჯიბრებებში მონაწილეობის შანსი ძირითადად, ასაკობრივი ნაკრების იმ კანდიდატებს მიეცემათ, რომლებიც ნაკრების პირველი ნომრები არ არიან.

მათ უნდა იგრძნონ, რომ პატარა პრობლემების გამო მოტივაცია არ უნდა დაკარგონ. უნდა დაინახონ, რომ მათი იმედი გვაქვს და კიდევ უფრო დიდი შემართებით გააგრძელებენ ბრძოლას, რათა თავიანთი რეალური შესაძლებლობები ყველას დაანახონ. ნიკა ფესტვენიძისა და ანზორ გოლუბიანის მაგალითი აუცილებლად ააგორებს პოზიტიურ ტალღას. მათ საფრანგეთში ძალიან დიდი დადებითი მუხტი მიიღეს. გარდა იმისა, რომ უშუალოდ პროფესიული კუთხით დაუმტკიცეს ადგილობრივებს თავიანთი ძალა, სასიამოვნო კულტურული და საგანმანათლებო ტურიც გამოუვიდათ. შევახვედრე ქართველ ემიგრანტებს, დავათვალიერებინე მუზეუმები და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები".

ლევან ჩერტკოევისვე განცხადებით, ახლო მომავალში იგეგმება მემორანდუმის გაფორმება საფრანგეთისა და გერმანიის კლუბებთან გაცვლითი პროგრამებისა და თანამშრომლობის მიზნით.
უკვე გავრცელდა ლიონის კლუბის პრეზიდენტის წერილი. რამსი ჯენდუბი მადლობას უხდის საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტს, ქართველ მწვრთნელებს და მოჭიდავეებს ლიონის კლუბის წარმატებაში შეტანილი წვლილისათვის და დარწმუნებულია, რომ ურთიერთთანამშრომლობა სამომავლოდაც გაგრძელდება. ფრანგული კლუბის პრეზიდენტი უახლოეს მომავალში თბილისში ჩამოსვლას და საქართველოს ჭიდაობის ფედერაციასთან ოფიციალური მემორანდუმის გაფორმებას გეგმავს.

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრესსამსახური

0.116939