ფეხბურთი

23:07 | 12.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ვაკო გვილია "ლეგიას" ფეხბურთელია

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ვაკო გვილია ვარშავის „ლეგიაში“ გადავიდა. აღნიშნული ინფორმაცია პოლონური გუნდის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

გვილიამ ვარშაველებთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა და 8-ნომრიანი მაისურიც მოირგო.

„დიდი დრო არ დამჭირდა გადაწყვეტილების მისაღებად წავსულიყავი თუ არა „ლეგიაში. ძალიან ბედნიერი ვარ ვარშავაში ყოფნით და ერთი სული მაქვს, როდის ვითამაშებ ამ სტადიონზე. ვიცი, რომ „ლეგია“ ყოველთვის ჩემპიონობისთვის იბრძვის და მთელმა გუნდმა ყველაფერი უნდა გააკეთოს ტიტულის მოსაპოვებლად“, - თქვა გვილიამ კონტრაქტის გაფორმების შემდეგ.

კომენტარი „ლეგიას“ სპორტულმა დირექტორმა რადოსლავ კუჩარსკიმაც გააკეთა:

„დარწმუნებული ვარ გვილია ჩვენს გუნდს ძალიან გააძლიერებს და შეტევაში ხარისხს საგრძნობლად შეგვმატებს. მას აქვს ის თვისებები და საფეხბურთო უნარები, რაც ხელს შეუწყობს ჩვენს გუნდს. ჩვენი მისი სამსახურით სერიოზულად ვიყავით დაინტერესებულნი და ერთად ვიბრძოლებთ ტიტულისთვის. გვილია არის ფეხბურთელი, რომელიც ექსტრაკლასას სწრაფად შეეწყო და ახლა „ლეგიაში“ ითამაშებს“, - თქვა კუჩარსკიმ.

შეგახსენებთ, ვაკო გვილიამ ბოლო 6 თვე სწორედ პოლონეთში, „გურნიკის“ რიგებში გაატარა (17 თამაში, 1 გოლი, 5 საგოლე პასი). იქამდე კი „ლუცერნის“, „ბატეს“, „მინსკისა“ და ზაპოროჟიეს „მეტალურგის“ ღირსებას იცავდა.

აქვე გეტყვით, რომ 25 წლის ფეხბურთელს საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში 26 მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი. „ლეგიას“ რაც შეეხება, ტიტულოვანი გუნდია - პოლონეთის ჩემპიონი 13-ჯერ გახდა, 19-ჯერ მოიგო პოლონეთის თასი, ხოლო ერთხელ სუპერთასი. თავის დროზე ვარშაველთა რიგებში ვლადიმერ დვალიშვილსა და ვაკო ყაზაიშვილს უთამაშიათ.

2018-2019 წლების სეზონში „ლეგია“ ჩემპიონი ვერ გახდა, მე-2 ადგილი დაიკავა და ამიტომაც, ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115882