ფეხბურთი

1:58 | 11.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

საბა ლობჟანიძე: "ასეთი ანგარიშით წაგება დასანანია"

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა საბა ლობჟანიძემ დანიის ნაკრებთან (1:5) მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა. „ჯვაროსნების“ რიგებიდან ერთადერთი გოლი სწორედ „რანდერსის“ შემტევმა გაიტანა და გამორჩეულიც იყო.

„ჩემი აზრით, ერთი საათი ძალიან ცუდად არ გვითამაშია. კონტრშეტევაზე აგებული ტაქტიკა გვქონდა, შანსებიც მივიღეთ, შეიძლება მსაჯებზეც საუბარი, რადგან პირველი და მესამე გოლები ჩასათვლელი არ იყო, მაგრამ არაკომპეტენტური ვიქნები თუ ვიტყვი, რომ მსაჯების გამო წავაგეთ. დანიას ძალიან ბევრი საგოლე მომენტი ჰქონდა და კარგად ითამაშა. ჩვენც არ ვყოფილვართ უშანსოდ და უკეთესაც უნდა გამოგვეყენებინა. დასანანია ასეთი ანგარიშით წაგება, თორემ ვერ ვიტვყი, რომ მოგება შეგვეძლო.

ვფიქრობ, მეტი შეგვიძლია, ამის რესურს ნამდვილად არსებობს, ვნახოთ მომავალი რას გვიჩვენებს. პენალტი? ვფიქრობ, ხელზე მოხვდა მცველს, მაგრამ გამეორებაზე არ მიყურებია.

გოლი? ჩემი აზრით, მაგარი გოლი გამოვიდა, კიტეიშვილმა იბრძოლა, გვილიამაც დროული პასი მომცა და შმეიხელის კარშიც გოლის გატანა კარგი შეგრძნება იყო. არ მქონდა ამ სტადიონზე აქამდე გატანილი და ძალიან მინდოდა.

დიახ, შეიძლება ითქვას, რომ მესამე გოლმა ფსიქოლოგიურად იმოქმედა, მაგრამ უფრო მეტი ზონები გამოჩნდა დანიისთვის მესამე გოლის შემდეგ. ამიტომ, ვფიქრობ, რომ 60 წუთი კარგად ვითამაშეთ. თუმცა, რა თქმა უნდა, მენტალური მომენტიც იყო, ერთია, როდესაც 1:2 მარცხდები და მეორე, როდესაც 1:3-ს.

გუნდის შეცვლა? არ ვჩაქრობ, ჩემი სურვილია, უკეთეს გუნდში გადავიდე და კარგ ჩემპიონატში. რთულია, დაფიქრებაა საჭირო. წასვლის შანსი უფრო დიდია, რადგან ორი წელია უკვე ამ გუნდში ვარ. დანიური ფეხბურთი ძალიან მომწონს, მაგრამ უკეთესი იქნება უფრო მაღალი დონის ჩემპიონატი და გუნდი“, - თქვა ლობჟანიძემ.

გიორგი მელქაძე WORLDSPORT.GE-სთვის კოპენჰაგენიდან

0.139013