ჭადრაკი

23:30 | 10.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ძაგნიძის “ჩავარდნა” გრძელდება

ქართველ მოჭადრაკე ნანა ძაგნიძეს (2510), რომელიც რუსეთის ქალაქ ყაზანში მიმდინარე პრეტენდენტთა ტურნირზე ირჯება, აშკარა “ჩავარდნა” აქვს.

შეჯიბრის 4 ტურის თავზე ნანა 3.5 ქულით ერთპიროვნული ლიდერი გახლდათ, 9 ტურის შემდეგ კი, 4.0 ქულით უკვე მეხუთეა.
დღეს, ძაგნიძემ თეთრი ფიგურებით უკრაინელ ანა მუზიჩუკთან (2539) წააგო და სატურნირო ცხრილში საგრძნობლად დაქვეითდა.
საოცრად ირჯება რუსი ალეკსანდრა გორიაჩკინა (2522), რომელმაც შავებით თანამემამულე ვალენტინა გუნინა (2506) დაამარცხა და 7.5 ქულით ლიდერობა შეინარჩუნა.
მე-8 ტურის დარჩენილ პარტიებში მარია მუზიჩუკმა (უკრაინა, 2563) ტან ჩჟუნის (ჩინეთი, 2513) სძლია, ალეკსანდრა კოსტენიუკი (რუსეთი, 2546) კი ეკატერინა ლაჰნოს (2544) დაუზავდა.
ხვალ, ტურნირზე შესვენებაა, 12 ივნისს დაგეგმილ მე-10 ტურში კი ასეთი წყვილები გვაქვს: კოსტენიუკი – გუნინა, ლაჰნო – გორიაჩკინა, ანა მუზიჩუკი – ჩჟუნი, მარია მუზიჩუკი – ძაგნიძე.
შეგახსენებთ, რომ პლანეტის 8 უძლიერესი ქალი ერთმანეთს ორ წრედ ეჯიბრება, ხოლო გამარჯვებული მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ ცზიუ ვენცზიუნთან (ჩინეთი) მატჩში თამაშის უფლებას მოიპოვებს.
ასპარეზობის საპრიზო ფონდი 200 000 ევროს შეადგენს, დარჩენილი სათამაშო დღეები კი ასეა გაწერილი: 12-14 და 16-17 ივნისი; ტაი-ბრეიკი 18 ივნისს გაიმართება; თამაშის დასაწყისი თბილისის დროით – 16:00 საათი.

0.113199