ფეხბურთი

0:44 | 10.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

პორტუგალია ერთა ლიგის ჩემპიონია

მაშ ასე. ისტორიული საღამოს მომსწრენი ვართ. დამთავრდა ერთა ლიგის პირველი გათამაშება, რომლის პირველ მატჩშიც პირველი გოლი ქართველმა გიორგი ჩაკვეტაძემ გაიტანა და ისტორიაში ჩაწერა თავისი გვარი. და აი, ფინალიც. 2016 წლის ევროპის ჩემპიონმა, პორტუგალიის ნაკრებმა სამი წლის შემდეგ უეფას ერთა ლიგაც მოიგო. ეს ამტკიცებს, რომ კრიშტიანუს და კომპანიას ტყუილად არ გაუმარჯვიათ ევროზე.

გადამწყვეტი მატჩი ცოტა უცნაური გამოდგა იმ მხრივ, რომ ტრადიციულად პირველ ნომრად მოთამაშე ჰოლანდია დაცვაში შეიყუჟა. კონტრშეტევების მოყვარული პორტუგალია კი მთელი შეხვედრის განმავლობაში დომინირებდა. დომინირებდა და დამსახურებულადაც გაიმარჯვა. ერთადერთი გოლი მე-60 წუთზე გონსალუ გედეშმა გაიტანა. ბერნარდუ სილვამ შესანიშნავი პასი მისცა ვალენსიელს და ამ უკანასკნელმაც, გამოზომილი დარტყმით, შანსი არ დაუტოვა ნიდერლანდელთა მეკარე სილესენს.

პორტუგალია დამსახურებულად გაჩემპიონდა. მაგრამ, ვფიქრობთ, ჰოლანდიელებმა ძალიან ფრთხილად ითამაშეს, საკუთარ სტილს უღალატეს და ამისათვის დაისაჯნენ კიდეც.

პორტუგალია - ჰოლანდია 1:0

9 ივნისი. პორტუ. „დრაგაუ.“ 43 199

1:0 გედეში (60)

პორტუგალია: რუი პატრისიუ, სემედუ, დიაში, ჟოზე ფონტე, გერეირუ, ვილიამ კარვალიუ (ნევეში 90+3), დანილუ, ფერნანდეში (მოუტინიუ 81), ბერნარდუ სილვა, გედეში (რაფა სილვა 75), რონალდუ

მწვრთნელი: ფერნანდუ სანტუში

ჰოლანდია: სილესენი, დუმფირსი, დე ლიხტი, ვან დეიკი, ბლინდი, ფრენკი დე იონგი, დე როონი (ლიუკ დე იონგი 81), ვეინალდუმი, ბერგვეინი (ვან დე ბეეკი 60), დეპაი, ბაბელი (პრომესი 46)

მწვრთნელი: რონალდ კუმანი

მსაჯი: ალბერტო მალიენკო (ესპანეთი)

გაფრთხილება: დუმფრისი (88), ფრენკი დე იონგი (90)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113423