ჭიდაობა

21:35 | 8.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ოქროს და ორი ბრინჯაოს შანსი

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრები ევროპის 2019 წლის ჩემპიონატს საუკეთესო შემთხვევაში ერთი ოქროს და ორი ბრინჯაოს მედლით ჩაამთავრებს. ესპანეთის ქალაქ პონტევედრაში მიმდინარე ევროპირველობაზე მედლების ბოლო ხუთი კომპლექტი ხვალ საღამოს გათამაშდება და გადამწყვეტ შეხვედრებში ხალიჩაზე სამი ქართველი გავა.

მირიან მაისურაძეს (86 კგ) ევროპის ჩემპიონის ტიტულს ერთადერთი გამარჯვება აშორებს. გოგა მამიაური (74 კგ) და ვასილ ხვისტანი (125 კგ) კი რეპეშაჟის ფინალში იჭიდავებენ.

მირიან მაისურაძემ ევროპირველობა აზერბაიჯანელი ფუად მაილოვის ძლევით (14:6) გახსნა. მეოთხედფინალში მოლდოველ ივან ნედეალკოს აჯობა (2:1), ხოლო ნახევარფინალში - უკრაინელ დემიდ კარაჩენკოს. საჩემპიონო ბრძოლაში კი სომეხ მხერ მარკოსიანს დაეჭიდება.

გოგა მამიაურმა ოქრო-ვერცხლის შანსი ნახევარფინალში დაკარგა, რუს დიმიტრი კურპინთან წაგებით (2:9). ამ შეხვედრამდე მამიაურმა სომეხი ჰრაირ ალიხანიანი (12:9) და უკრაინელი იევჰენი დუბოვნი (13:3) ჩამოიშორა. რეპეშაჟის ფინალში მისი მეტოქე ან აზერბაიჯანელი ნასიბ ისაევი იქნება, ან ესპანელი ალექს პერეს კიმარა.

ვასილ ხვისტანმა ძირითად ბადეში გამოსვლა მეოთხედფინალით დაიწყო და დაასრულა, უკრაინელ იური იძინსკისთან მარცხით (0:10) და მას შემდეგ, რაც ეს უკანასკნელი ფინალში გავიდა, ქართველი მძიმეწონოსანი პირდაპირ "ბრინჯაოს ფინალში” გადაერთო, სადაც ბელარუსი მიკიტა ხორხუნის პირისპირ დადგება.

დღესვე ჩაებნენ ევროკონკურენციაში: გოდერძი ძებისაშვილი (61 კგ) და დავით ქოჩქიანიც (92 კგ), მაგრამ საპრიზო სამეულები მათ გარეშე შეივსება. ძებისაშვილი შვეიცარიელი ნინო ლუტერტის ძლევის (8:2) შემდეგ, შეჯიბრებას მეოთხედფინალიდან გამოეთიშა, თურქ ჰამზა ალაჩასთან წაგებით (16:19). ქოჩქიანი კი პირველსავე შეხვედრაში დამარცხდა, ასევე თურქ პოლატ პოლატჩისთან (0:10).

65 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ამირან ვახტანგაშვილი რეპეშაჟის ნახევარფინალში ფრანგ მარუან აჰმედ იეზას, შეხვედრის დასრულებამდე ორი წუთით ადრე ექვსი ქულით უგებდა, მაგრამ საბოლოოდ 6:8 წააგო.

ფინალური ბლოკის შეხვედრები ხვალ, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

0.136844