ფეხბურთი

3:30 | 7.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

პირველი ქულების, პირველი გოლების მოლოდინი

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მესამე ტურის მატჩს გიბრალტარის წინააღმდეგ ჩაატარებს. ბუნებრივია, დღევანდელი მეტოქე საზომად ვერ გამოდგება და ოცნების კოშკების აგების საფუძველსაც ვერ მოგვცემს, მაგრამ ფაქტი უტყუარია - „ჯვაროსნებს“ მიმდინარე შესარჩევ ციკლში პირველი ქულების მოპოვებისა და გოლების გატანის შანსი აქვს.

საქართველომ მარტში ჯერ შვეიცარიასთან, მერე ირლანდიასთან წააგო და ცოდვა გამხელილი სჯობს, მეტად უფერული, უხარისხო ფეხბურთიც აჩვენა. ამიტომაც, ფეხბურთელები მატჩისწინა ინტერვიუებში ამბობდნენ, რომ გულშემატკივარს განვლილი ორი თამაში უნდა დაავიწყონ. თუმცა, მაინც ჩავუღრმავდეთ და ალბათ ეს დანიასთან საგარეო მატჩის კარგად ჩატარებას უფრო ეხება, თორემ გიბრალტართან ფეერიული თამაში წინა ორ შეხვედრას ნამდვილად ვერ გააქარწყლებს. თუმცა, დანიაზე შემდეგ ვისაუბრებთ, ახლა დღევანდელ დაპირისპირებაზე.

სავარაუდო შემადგენლობა

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა საკმაოდ გადახალისებული იქნება, რაც პირველ რიგში ტრავმებითაა გამოწვეული. კარს გიორგი ლორია დაიცავს, რომლის ირგვლილ ვლადიმირ ვაისს კარგა ხანია კითხვები არ აქვს.

დაცვა - ოთარ კაკაბაძე მარჯვენა ფლანგს გაამაგრებს, ხოლო საპისირისპირო მხარეს ლევან ხარაბაძე გაირჯება. „ციურიხის“ მცველისთვის ეს პირველი სასტარტო მატჩი იქნება ეროვნულ ნაკრებში. გიორგი ნავალოვსკი სრული დატვირთვით ვერ ვარჯიშობდა და წესით ხარაბაძის გამოჩენა ეჭვს არ იწვევს. როდის თუ არა დღეს, იდეალური მატჩია შანსის მიცემისთვის. დაცვის ცენტრში ვაისს პრობლემები აქვს. დავით ხოჭოლავას მცირე ტრავმა აწუხებს, ხოლო სოლომონ კვირკველიას თამაში გამორიცხულია. სლოვაკმა წინასამატჩო პრესკონფერენციაზე დააანონსა, რომ გია გრიგალავა, რომელიც ეროვნულ ნაკრებს დაუბრუნდა, სასტარტოში იქნებოდა. მას კი გურამ კაშია შეუწყვილდება.

საყრდენ ზონას ტრადიციულად, ჯაბა კანკავა და ნიკა კვეკვესკირი გაამაგრებენ. გიორგი აბურჯანია გუნდს ყველაზე გვიან შემოუერთდა და ამიტომაც, მისი პირველივე წუთიდან გამოჩენა ნაკლებ მოსალოდნელია. ყაზახური „ტობოლის“ დუეტის წინ კი ვაკო გვილიას ველოდებით. ფლანგებზე ვაისმა წესით არჩევანი გიორგი ხარაიშვილს, საბა ლობჟანიძესა და ოთარ კიტეიშვილს შორის უნდა გააკეთოს.

რაც შეეხება ფორვარდის პოზიციას - აქ ყველაზე მწირი არჩევანია. გიორგი ქვილითაია გუნდს ტრავმის გამო საწყის ეტაპზევე გამოაკლდა, ხოლო ელგუჯა ლობჯანიძეც მცირე დაზიანება აღენიშნება. ლევან მჭედლიძე რომ სასტარტოში არ იქნება, ვაისმა ესეც დააანონსა. შედეგად, რჩება ვატო არველაძისა და ხვიჩა კვარაცხელიას ვარიანტები. შესაძლოა, სლოვაკმა უპირატესობა „ლოკომოტივის“ შემტევს მიანიჭოს, რომელიც დებიუტანტია და თქვა, რომ მისი ძირითადში გამოჩენის ალბათობა მაღალია.

საქართველოს ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა (4-2-3-1): ლორია; კაკაბაძე, კაშია, გრიგალავა, ხარაბაძე; კვეკვესკირი, კანკავა; ლობჟანიძე, გვილია, კიტეიშვილი; კვარაცხელია

ლაზარეთი

საქართველოს ნაკრების ლაზარეთი ტრადიციულად გადავსებულია. ჯანო ანანიძე გუნდს თავიდანვე გამოაკლდა, ისევე, როგორც გიორგი ქვილითაია. დღეს, ვერც კვირკველია და სავარაუდოდ, ვერც ხოჭოლავა ითამაშებენ. აი, თორნიკე ოქრიაშვილი უგუნდობის გამო არაა სიაში, ვაკო ყაზაიშვილი - ცუდ ფორმაში ყოფნის გამო.

მეტოქე

გიბრალტარის ნაკრები უეფას ყველაზე ახალი წევრია. ხულიო რიბასის გუნდისთვის 2018 წელი მეტად ნაყოფიერი გამოდგა და სამი(!) გამარჯვება მოიპოვა, რაც ამ გუნდისთვის დიდებული შედეგია. ლატვიასთან ამხანაგურ შეხვედრაში წარმატებას ერთა ლიგაზე ერევანში სომხეთთან და შინ ლიხტანშტაინთან გამრჯვება მოჰყვა. თუმცა, მას შემდეგ გიბრალტარის ნაკრებმა 4 თამაში ჩაატარა და ყველა წააგო.

ურთიერთშეხვედრები

მიუხედავად გიბრალტარის ხანმოკლე მოღვაწეობისა, საქართველოს ნაკრებს უკვე მესამედ შეხვდება. პირველი ორი დაპირისპირება ევრო 2016-ის შესარჩევი ეტაპის ეგიდით შედგა. 2014 წლის 14 ოქტომბერს, საქართველოს ნაკრებმა მეტოქე სტუმრად ნიკოლოზ გელაშვილის, თორნიკე ოქრიაშვილისა და ჯაბა კანკავას გოლებით დაამარცხა.

ერთი წლის თავზე კი „დინამო არენაზე“ „ჯვაროსნებმა“ 4:0 გაიმარჯვეს. დუბლით გამოირჩა მათე ვაწაძე, ხოლო თითოჯერ თავი ოქრიაშვილმა და ყაზაიშვილმა გამოიჩინეს.

საქართველოს ნაკრების ბოლო პერიოდი

საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ბოლო 10 მატჩიდან 6 მოგებული აქვს და აქედან 5 ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე. თუმცა, ბოლო ორი თამაში მეტად წარუმატებელი გამოდგა. რა თქმა უნდა, შვეიცარია და ირლანდია კარგი გუნდები არიან, მაგრამ წარუმატებლობაში პირველ რიგში შედეგზე მეტად თამაშის ხარისხი იგულისხმება, რომელიც მართლაც უკეთესის სურვილს ტოვებდა.

იმედია, მოახლოებულ ორ მატჩში სახეცვლილ და გაცილებით ლაღად მობურთალ საქართველოს ნაკრებს ვიხილავთ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114745