ბრაზილიის ნაკრების ექიმებმა დაადასტურეს, რომ „პარი სენ-ჟერმენის“ შემტევმა, ნეიმარმა, ყატართან ამხანაგურ მატჩში კოჭის ტრავმა მიიღო და მომავალ კოპა ამერიკაზე ვერ ითამაშებს - გვამცნობს ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციის ოფიციალური ვებ-გვერდი.
ნეიმარმა მარჯვენა კოჭი პირველ ტაიმში დაიზიანა და ის 21-ე წუთზე შეცვალეს. ბრაზილიელებმა ყატარს რიშარლისონისა და გაბრიელ ჟეზუსის გოლებით 2:0 მოუგეს. პსჟ-ის ვარსკვლავმა ცრემლები ვერ შეიკავა და მინდორი სამედიცინო პერსონალის დახმარებით დატოვა. მერე ის სტადიონიდან ყავარჯნებით გამომავალი შენიშნეს.
კოპა ამერიკა ბრაზილიაში, 15 ივნისიდან 7 ივლისამდე გაიმართება.