ფეხბურთი

22:05 | 5.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბექა ქურდაძე: „ჩემი მიზანი ევროტურნირებზე თამაშია“

საქართველოს ჩემპიონი ბექა ქურდაძე, „გაგრამ“ სეზონის წინ „საბურთალოდან“ დაიმატა და არც შემცდარა. 22 წლის მეკარე გუნდში იჯარის წესით თამაშობს. ბექას მიმდინარე სეზონში 6 „მშრალი“ თამაში დაუგროვდა და პირველი წრის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა.

ჩვენი ქვეყნის ჩემპიონობა ბექასთვის ჯერჯერობით პირველი დიდი ტიტულია, მაგრამ მის კარიერაში იყო ტურნირები, რომლებიც „გაგრას“ კიპერს არასოდეს დაავიწყდება. ბექა ამჟამად, თბილისში ცხოვრობს, ჰყავს მეუღლე და ერთი წლის ვაჟიშვილი, რომელიც, როგორც თვითონ ამბობს, ცხოვრების მოტივაციას აძლევს.

ბექა ქურდაძე:ვცდილობ თავისუფალი დრო მაქსიმალურად გავატაროოჯახთან ერთად. შვილი ჩემთვის ცხოვრების ყველაზე დიდი მოტივაციაა. მეუღლე ძალიან მეხმარება, გვერდში მიდგას, ეს ფსიქოლოგიურად დიდ შვებას მგვრის. ხანდახან ხდება, რომ მეგობრებთან ან ძმასთან ერთად სათევზაოდაც დავდივარ.

- სათევზაოდ?

- დიახ, ეს ჩემი ჰობია, განტვირთვის საუკეთესო საშუალება.

- „კარიერაში“ ყველაზე დიდი თევზი, რომელი იყო?

- კილოგრამიანი კობრი (იცინის)

- გურმანი იქნები, შეიძლება კარგი მზარეულიც...

- სხვათაშორის, კულინარია მიტაცებს და მზარეულობაც მეხერხება. ამას წინათ, კარჩხანა მოვამზადე საფუძვლიანად, - დავსერე, ლიმონი მოვასხი, ფქვილში ამოვავლე და კარგად დავბრაწე. ზოგადად კი, როცა ბუნებაში შენი ხელით გათლილ შამფურზე, შენს მიერ საჭერილ თევზს წამოაგებ და მიირთმევ, სულ სხვა გემო აქვს. მიმაჩნია, რომ ადამიანი ბუნებასთან ახლოს უნდა იყოს.

- ისევე, როგორც ფეხბურთთან?

- ფეხბურთიც ხანდახან უცნაურად შემოიჭრება ხოლმე ადამიანის ცხოვრებაში. ჩემს შემთხვევაშიც დაახლოებით ეს მომენტი იყო. 5 წლამდე მოსკოვში ვცხოვრობდით. ჩემი ძმა „სპარტაკის“ საფეხბურთო სკოლაში ვარჯიშობდა. მე მარტო რომ არ დავრჩენილიყავი და არ მომეწყინა, თან დავყავდი. ეს იყო ჩემი პირველი შეხება ფეხბურთთან. შემდეგ ბებიამ რატომღაც მეკარის ხელთათმანები გამომიგზავნა საჩუქრად. არ ვიცი ეს ნიშანი იყო ზევიდან, თუ არა, მაგრამ ხელთათმანები ისე მომეწონა თავიდან არ ვიცილებდი. გადავწყვიტე მეკარე გავმხდარიყავი.

- და ვარჯიში დაიწყე ქუთაისში...

- ქუთაისის კლუბ „მემორიალში“ 2003-2011 წლებში ვვარჯიშობდი. ჩემი პირველი მწვრთნელი მერაბ სილაგაძე იყო. 2011 წელს ბატონ ნოდარ აკობიასთან მოვხვდი. მან საშუალება მომცა 14-წლამდე ნაკრებში მეთამაშა. შვედეთში ტურნირზე გავემგზავრეთ. იქ ვეთამაშეთ: „აიაქსს“, პაოკს, აეკს, „შტურმს“ და „იუვენტუსს“. პირველი შეხვედრა „შტურმთან“ დავთმეთ - 0:1, მაგრამ დანარჩენი 4 მოვიგეთ და ტურნირის გამარჯვებულები გავხდით. ფინალში „იუვე“ დავამარცხეთ - 1:0. მე საუკეთესო მეკარის პრიზი მერგო. დაუვიწყარი ტურნირი იყო ჩემთვის. შვედეთში მეკარეების მწვრთნელის რანგში ჩვენთან ერთად ბატონი სერგო კოტრიკაძე იყო. იაშინს მეძახდა. სამწუხაროდ, ფინალის წინ გარდაიცვალა. მასთან დიდხანს მუშაობის საშუალება არ მომცემია, მაგრამ რაც იყო, ამისთვის მთელი ცხოვრება მისი მადლიერი ვიქნები. შვედეთს მოჰყვა ყველა ასაკობრივი ნაკრები და ჩემი ამ პროგრესის სულისჩამდგმელი ნოდარ აკობია იყო.

- პირველი კონტრაქტიც შვედეთის ტურნირის შემდეგ გაფორმდა?

- 2011 წელს „საბურთალოსთან“ გავაფორმე კონტრაქტი და დღემდე ამ კლუბის ფეხბურთელი ვარ. მას დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს ჩამოყალიბებაში. კლუბთან ერთად არაერთი ტურნირი მოვიგე, რაც ტკბილ მოგონებად დამრჩება. მადლობელი ვარ გია ჭიაბრიშვილის და ლევან ჭულუხაძის. საერთოდ, ბევრი მწვრთნელი გამოვიცვალე და მინდა ყველას უღრმესი მადლობა გადავუხადო, ჩემი პირველი მწვრთნელით დაწყებული დღემდე.

- შემდეგ იყო „ლოკომოტივი“...

- 2017 წელს „ლოკომოტივში“ იჯარის წესით ვითამაშე. მომდევნო სეზონში „საბურთალოში“ დავბრუნდი და ქვეყნის ჩემპიონის ტიტული მოვიპოვე.

- არაერთი მწვრთნელი გამოიცვალე. როგორია ვარჯიშების მეთოდიკა, რით განსხვავდება ისინი ერთმანეთისგან „საბურთალოში“, „ლოკომოტივში“ და „გაგრაში“?

- მეთოდიკა ძირითადად იდენტურია. ძალისმიერი, დამღლელი ვარჯიშები გვიტარდება. „საბურთალო“ მიზანმიმართულად ფეხით თამაშს ითხოვდა. ჩემი ძლიერი მხარე ხაზზე თამაშია, მაგრამ თანამედროვე მოთხოვნების მიხედვით, მეკარემ უნდა იცოდეს ყველაფერი, ტექნიკური უნდა იყოს. კარგად თამაშობდეს ფეხით, ამოდიოდეს მაღლა, ბოლო მცველივით. დაახლოებით ისე, როგორც ნოიერი და ტერ შტეგენი თამაშობენ.

- „გაგრას“ რა მოთხოვნები აქვს?

- „გაგრას“ მეკარეების მწვრთნელთან, ირაკლი შენგელიასთან მეგობრული ურთიერთობა ჩამომიყალიბდა. ხდება, რომ ერთად ვგეგმავთ ვარჯიშებს. მეკითხება რა მდგომარეობაში ვარ და ამის მიხედვით ადგენს სქემას. ირაკლის უფრო რეაქციაზე აქვს აქცენტი გადატანილი, რაც თამაშის დროს ძალიან მეხმარება. ვფიქრობ, ის ერთ-ერთი გამორჩეული მეკარეების მწვრთნელია საქართველოში.

- წლევანდელი სეზონის მიხედვით, როგორ შეაფასებ „გაგრას“ თამაშს?

- ვფიქრობ, უსამართლოდ ვართ მეშვიდე ადგილზე. გუნდში არის რესურსი, რომ უფრო მაღალი პოზიციისთვის ვიბრძოლოთ. რა თქმა უნდა, გაძლიერება საჭიროა, მაგრამ ამ რესურსითაც საკმაოდ კონკურენტუნარიანი გუნდი ვართ და მხოლოდ გამარჯვებისთვის ვიბრძვით. იმედი მაქვს, მესამე წრიდან გუნდი გაძლიერდება და პლეი ოფის საგზურიც რეალობა გახდება.

- რა არის შენი მიზანი, რისი მიღწევა გსურს ფეხბურთში?

- მინდა ეროვნულ ნაკრებთან ერთად ევროპის ან მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ვითამაშო დაქართულ კლუბთან ერთადაც გავიდე ევროპულ სარბიელზე. ეს ფანტასტიკური მიღწევა იქნება.

- ასაკობრივ ნაკრებებთან ერთად არაერთი შესარჩევი ტურნირი გითამაშია. ესეც მიღწევაა...

- ბუნებრივია, ცუდი არ არის. 3 ჯერ ვითამაშე ელიტ-რაუნდში. 2 შემთხვევაში ფინალურ ეტაპზე გასასვლელად ფრეც გვაძლევდა ხელს, მაგრამ ორივეჯერ დავმარცხდით. ერთხელ ავსტრიამ მოგვიგო (2:1), მეორედ ისრაელმა (1:0). ეს ბოლო მარცხი თავიდან ვერ ამომიგდია.

- 19-წლამდელებთან ერთად?

- დიახ, 19-წლამდელებთან ერთად თბილისის შესარჩევი ტურნირი ვითამაშე. მეტოქედ, მოლდოვა, უელსი და ჰოლანდია გვყავდა. სამივე თამაში მოვიგეთ. დაძაბულ ბრძოლაში - 2:1 დავამარცხეთ ძალიან ძლიერი ჰოლანდიის ნაკრები და ელიტ-რაუნდის საგზური მოვიპოვეთ, რომელიც შვეიცარიაში გაიმართა. ამჯერად, მეტოქეებად შვეიცარია, ისრაელი და კვიპროსი გვერგო. შვეიცარიას - 2:0 მოვუგეთ, კვიპროსი - 5:1 გავანადგურეთ. ბოლო ტურის წინ ისეთი მდგომარეობა შეიქმნა, რომ ფრეც ხელს გვაძლევდა, მაგრამ ისრაელთან შეხვედრაში - 0:1 დავმარცხდით. მატჩის შემდეგ კარში დარტყმების სტატისტიკა 24:2-ზე იყო ჩვენს სასარგებლოდ. ეს მარცხი მთელი ცხოვრება მემახსოვრება.

- არჩევანი რომ გქონდეს, რომელ გუნდში ითამაშებდი?

- ჩემი ოცნების გუნდი მადრიდის „რეალია“. საყვარელი მეკარე კი იკერ კასილასი. ის მშვიდი, გაწონასწორებული პიროვნებაა, გამოირჩევა სტაბილურობით. ბავშვობაში საათობით ვუყურებდი ვიდეოებს იკერის მონაწილეობით. ვფიქრობ, ის მსოფლიო ფეხბურთში დარჩება, როგორც ერთ-ერთი გამორჩეული მეკარე.

- ბუფონი?

- ბუფონზე არაფერს ვამბობ, ის საერთოდ სხვა პლანეტაზეა. 42 წლის ასაკში ასეთ დონეზე რომ თამაშობ, არ ვიცი ამას რა ჰქვია.

- წლევანდელ ლიგაზე ვის გამოარჩევდი?

- ტერ შტეგენს გამოვარჩევდი. მისი თამაშის მანერა ძალიან მომწონს.

- ალისონი?

- ალისონმა ლიგა მოიგო, მაგრამ ტერ შტეგენი ჩემ შეხედულებებთან უფრო ახლოს დგას.

- როგორ ფიქრობ, წლევანდელ ლიგას დამსახურებული გამარჯვებული ჰყავს?

- ორი აზრი არ არსებობს, „ლივერპულმა“ დამსახურებულად მოიგო. „ბარსელონას“ რომ 3-ბურთიან უპირატესობას აღმოუფხვრი და 4:0-ს მოუგებ, ჩემპიონთა ლიგის თასსაც იმსახურებ. ზოგადად, ბევრი ლიგა მინახავს, მაგრამ წლევანდელის მსგავსი არასოდეს. ფანტასტიკური თამაშები იყო: „ლივერპული“ - „ბარსა“, „ტოტენჰემი“ – „სიტი“, „მანჩესტერ იუნაიტედი“ - პსჟ.

- ნაკრების შესარჩევი თამაშები ახლოვდება, როგორ ფიქრობ, მივაღწევთ სანუკვარ მიზანს და გავალთ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე?

- ერთა ლიგიდან უბრალოდ ვალდებულნი ვართ ფინალურ ეტაპზე გავიდეთ. ასეთი შანსი შეიძლება კარგა ხანს აღარ გვქონდეს. რაც შეეხება შესარჩევ ტურნირს, ის ღირსეულად უნდა ჩავამთავროთ. ეს სასარგებლო იქნება, როგორც რეიტინგის თვალსაზრისით, ისე გუნდის იმიჯისთვის.

ს.კ. გაგრას პრესსამსახური

0.074164