ჭადრაკი

21:40 | 5.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ძაგნიძის პირველი მარცხი

ქართველმა მოჭადრაკე ნანა ძაგნიძემ (2510) რუსეთის ქალაქ ყაზანში მიმდინარე პრეტენდენტთა ტურნირზე პირველი მარცხი განიცადა, რაც ლიდერობის დაკარგვად დაუჯდა.

დღეს, ძაგნიძემ შავი ფიგურებით რუს ალეკსანდრა კოსტენიუკთან (2546) წააგო და 3.5 ქულით მე-2 ადგილზე აღმოჩნდა, პირველ პოზიციაზე კი, 4.0 ქულით, კიდევ ერთმა რუსმა ალეკსანდრა გორიაჩკინამ (2522) გადაინაცვლა, რომელმაც თეთრებით ჩინელი ტან ჩჟუნი (ჩინეთი, 2513) დაამარცხა.
მე-4 ტურის კიდევ ორ პარტიაში ყაიმი დაფიქსირდა: ვალენტინა გუნინა (რუსეთი, 2506) მარია მუზიჩუკს (უკრაინა, 2563) დაუზავდა, ეკატერინა ლაჰნო (რუსეთი, 2554) კი – ანა მუზიჩუკს (უკრაინა, 2539).
მე-5 ტურის პარტიები ხვალ, 6 ივნისს შედგება და ძაგნიძე თეთრებით ლიდერ გორიაჩკინას ეთამაშება, ანა მუზიჩუკი გუნინას გაეჯიბრება, მარია მუზიჩუკი – კოსტენიუკს, ხოლო ჩჟუნი – ლაჰნოს.
შეგახსენებთ, რომ პლანეტის 8 უძლიერესი ქალი ერთმანეთს ორ წრედ ეჯიბრება, ხოლო გამარჯვებული მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ ცზიუ ვენცზიუნთან (ჩინეთი) მატჩში თამაშის უფლებას მოიპოვებს.
ასპარეზობის საპრიზო ფონდი 200 000 ევროს შეადგენს, დარჩენილი სათამაშო დღეები კი ასეა გაწერილი: 6, 8-10, 12-14 და 16-17 ივნისი; ტაი-ბრეიკი 18 ივნისს გაიმართება; თამაშის დასაწყისი თბილისის დროით – 16:00 საათი.

0.113825