ფეხბურთი

20:45 | 5.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი აბურჯანია ერედივიზიონში?

ესპანური „ლუგოს“ ნახევარმცველი გიორგი აბურჯანია, რომლის სატრანსფერო უფლებები „სევილიას“ ეკუთვნის, შესაძლოა მომდევნო სეზონიდან ჰოლანდიის ერედივიზიონში ვიხილოთ.

24 წლის ქართველი ფეხბურთელი ერედივიზიონის ახალწვეულ ენსხედეს „ტვენტეს“ დაუკავშირეს. Twenteinsite-ს ინფორმაციით, ჩვენებურის ტრანსფერში დიდი როლი შესაძლოა, ტედ ვან ლეუვენმა ითამაშოს, რომელიც „ტვენტეს“ დირექტორია და აბურჯანიას კარგად იცნობს.

საქმე ისაა, რომ ვან ლეუვენი იმ პერიოდში, როდესაც აბურჯანია „ანორთოსისში“ თამაშობდა, ფამაგუსტელთა სპორტული დირექტორი იყო. გარდა ამისა, გამოცემის ვარაუდით, „ტვენტესა“ და „სევილიას“ შორის კარგი ურთიერთობაა და გასულ ზაფხულს ამ გუნდებმა კრისტიან გონსალესის ტრანსფერზე წარმატებით იმუშავეს, რომელიც გიორგის დარად, ანდალუზიელთა მეორე გუნდში ირჯებოდა, ხოლო 2018-2019 წლების სეზონი იჯარით ენსხედეში გაატარა.

აქვე გეტყვით, რომ გიორგი აბურჯანია „სევილიას“ 2016 წელს „ხიმნასტიკიდან“ შეუერთდა, მაგრამ პირველ გუნდში არასდროს უთამაშია. 2018-2019 წლების სეზონი კი იჯარით „ლუგოში“ ითამაშა და 23 მატჩში თავი ერთი გოლით გამოიჩინა.

„სევილიასთან“ ჩვენებურის კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულში იწურება. რაც შეეხება „ტვენტეს“, ერთ დროს ჰოლანდიის ჩემპიონი გახდა (10 წლის წინ), ხოლო გასული სეზონი ქვედა ლიგაში გაატარა, მაგრამ ერედივიზიონს დაუბრუნდა. თავის დროზე ენსხედელთა ღირსებას გოგა გახოკიძე იცავდა.

0.11094