ესპანეთის ქალაქ პონტევედრაში სტარტი აიღო ევროპის ჩემპიონატმა ახალგაზრდა მოჭიდავეთა შორის. ტურნირის პირველ დღეს შეჯიბრში საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრები ფრიდონ აბულაძე (55 კგ.), ლერი აბულაძე (63 კგ.), ნიკა შერბაკოვი (77 კგ.), გიორგი ქაცანაშვილი (87 კგ.) და რობინზონ ესაძე (130 კგ.) ჩაებნენ და მედლის აღების შანსს ყველა მათგანი ინარჩუნებს.
თავიდანვე ვთქვათ, რომ ნახევარფინალში 3 ჩვენებურია გასული. ფრიდონ აბულაძემ მერვედფინალში რუმინელი კონსტანტინ იონუც ტუდორი 9:0 დაამარცხა, მეოთხედფინალში კი სომეხ გევორქ სუკიასიანს სძლია და საღამოს აზერბაიჯანელ ზაურ ალიევს შეერკინება.
ლერი აბულაძემ საწყის შეხვედრაში ლიტველ გიტის კულევიჩიუსს იოლად – 10:0 სძლია, მეოთხედფინალში აზერბაიჯანელ ზაურ ნურიევთან გაცილებით რთული ორთაბრძოლა გადაიტანა და 2:0 მოიგო, ფინალის საგზურისთვის კი რუს ადამ გაუჟაევს დაუპირისპირდება.
ნახევარფინალშია კაციაშვილიც, რომელმაც საწყის შეხვედრაში ნორვეგიელ რუბენ ელიას ბეენს 8:0 აჯობა, ხოლო მეოთხედფინალში ხორვატი ფილიპ სმეტკო ბეჭებზე გააკრა და წმინდად აჯობა. ქართველი ფალავანი ნახევარფინალში ძალებს რუს ილია ერმოლენკოსთან მოსინჯავს.
შერბაკოვმა მერვედფინალში რუს ხამიდ ისაევთან 0:8 წააგო და თუკი ამ უკანასკნელმა ნახევარფინალში ლიტველ არმინას ლიგნუგარისთან იმარჯვა, ჩვენებური ბრძოლას რეპეშაჟში გააგრძელებს.
მსგავს სიტუაციაშია მძიმეწონოსანი ესაძეც, რომელმაც კვალიფიკაციაში ესპანელ ანტონიო ალეხანდრო გარსია კონეხო შებოჭა, მეოთხედფინალში კი მუჰამატ ჰამზა ბაკირთან 0:6 დამარცხდა. თურქი მოჭიდავის ნახევარფინალში (უნგრელ დარიუშ ატილა ვიტეკთან) წარმატების შემთხვევაში, რობინზინი სანუგეშო შეჯიბრში გადაერთვება.
ევროპის ჩემპიონატზე ნახევარფინალური შეხვედრების სტარტს თბილისის დროით 20:00 საათზე აიღებს.