ფეხბურთი

11:20 | 3.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

გაკვეთილი "ლივერპულისგან": როგორ უნდა ააშენო ჩემპიონი გუნდი მთავარი ვარსკვლავის დაკარგვის შემდეგ

დავბრუნდეთ წარსულში, კონკრეტულად კი 2018 წლის 6 იანვარს, დღე, როდესაც ფილიპე კოუტინიო „ლივერპულიდან“ „ბარსელონაში“ ოფიციალურად გადავიდა. რა თქმა უნდა, მაშინ ყველაზე ოპტიმისტი „ლივერპულის“ ქომაგიც კი ძნელად წარმოიდგენდა, რომ მისი საყვარელი გუნდი იმავე სეზონში ჩემპიონთა ლიგის ფინალს მიაღწევდა, ხოლო ერთი წლის შემდეგ საერთოდაც ჩემპიონი გახდებოდა.

„ლივერპულმა“ პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელი დაკარგა. ფეხბურთელი, რომელიც იურგენ კლოპის პროექტში მთავარი წერტილი იყო. თანაც, „წითლებს“ ცუდი მაგალითი და განგაშის საფუძველი ჰქონდათ. ლუის სუარესის გასხვისებით მიღებული 80 მილიონი ადამ ლალანაში, ლაზარ მარკოვიჩში, მარიო ბალოტელიში და რიკი ლამბერტში გაიფლანდა. თუმცა, ახლა პირიქით მოხდა - კოუტინიოს ტრანსფერიდან გამომუშავებული 145 მილიონი ეფექტურად დაიხარჯა.

კოუტინიოს წასვლამდე რამდენიმე დღით ადრე „ლივერპულმა“ „საუთჰემპტონთან“ ვირჯილ ვან დეიკის შესახებ მიაღწია შეთანხმებას და 84 მილიონი ევროს სანაცვლოდ ჰოლანდიელი დაიმატა, რომელიც ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მცველი გახდა. შესაძლოა ეს ბევრს ვერ გაერისკა, მაგრამ კარგად დავინახეთ, რომ ვირჯილი მსოფლიოს საუკეთესო ცენტრალური მცველია და ალისონთან ერთად „ტოტენჰემთან“ მოგებულ თამაშში მთავარი წვლილი შეიტანა.

2018 წელს დავუბრუნდეთ და ზაფხულში „ენფილდ როუდზე“ ალისონი, შერდან შაქირი, ნაბი კეიტა და ფაბინიო მოხვდნენ. ბრაზილიელი მეკარე გაცილებით ძვირი დაჯდა, ვიდრე დანარჩენი სამი, მაგრამ ესეც გამართლებული ნაბიჯი იყო. კიევის ფინალში ლორის კარიუსის შეცდომებმა ყველაფერი ცხადი გახადა. შედეგად, „წითლებმა“ „რომას“ 60 მილიონი ევრო გადაუხადეს და როგორც ვან დეიკის შემთხვევაში, ესეც სრულიად გამართლებული სვლა აღმოჩნდა. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ფინალში შესრულებული სეივებიც რომ არ ვახსენოთ, საკმარისია ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში, „ნაპოლისთან“ 95-ე წუთზე მისი სეივი და გმირობა გავიხსენოთ, რამაც „ლივერპული“ ჯგუფში ჩარჩენისგან იხსნა.

ფაბინიო და კეიტა კი გუნდში შუახაზის გასაძლიერებლად მოხვდნენ. ბრაზილიელის სანაცვლოდ „მონაკომ“ 45 მილიონი მიიღო, ხოლო ფეხბურთელი „ენფილდს“ მალევე გაუშინაურდა. ამ ტრანსფერის უპირატესობა ფაბინიოს უნივერსალიზმში გახლდათ. მას ძალიან კარგად შეუძლია, როგორც ნახევარდაცვაში, ისე დაცვაში თამაში და კლოპმა ეს შესანიშნავად იცოდა. მეორეს მხრივ, ნაბი კეიტა „ლაიფციგიდან“ ჯერ კიდევ 2017 წლის ზაფხულში გაიფორმეს, თუმცა 2018 წლის ზაფხულამდე გერმანიაში დარჩა. გვინეელი ფეხბურთელი თავიდანვე არ შეუშინდა გამოწვევებს და თვით სტივენ ჯერარდის 8-ნომრიანი მაისური აირჩია. მისთვის მაინც და მაინც სტაბილური სეზონი არ გამოდგა, მაგრამ როტაციის მხრივ გუნდში მნიშვნელოვანი იყო.

და ბოლოს, შაქირი, რომელიც „ლივერპულმა“ „სტოკ სიტიდან“ შეიძინა. რა თქმა უნდა, შვეიცარიელისგან განსაკუთრებულს არავინ ელოდა და ითხოვდა. ყველამ კარგად იცოდა, რომ შაქირის მთავარი ფუნქცია, სალაჰი-ფირმინო-მანეს ბრწყინვალე ტრიოს რამდენიმე წუთით დასვენება, ანაც ნაკლებ მნიშვნელოვან მომენტებში შეცვლა იქნებოდა.

საბოლოო ჯამში, ეს სრულყოფილი და ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა მართო სიტუაცია, რომელიც დასუსტებას მოასწავებდა. „ლივერპულმა“ ევროპული საკლუბო ფეხბურთის სათავეში ასვლა მეექვსედ მოახერხა და ეს ყველაფერი გვირგვინი აღმოჩნდა. იურგენ კლოპმა კი დაკარგა თავისი ვარსკვლავი, მაგრამ ჩემპიონი გუნდი ააშენა...

0.109423