ფეხბურთი

1:40 | 3.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ვერონა" სერია A-ში დაბრუნდა

„ვერონა“ იტალიის სერია A-ში დაბრუნდა. სერია B-ს პლეი-ოფის საპასუხო მატჩი ალფრედო ალიეტის გუნდმა შესანიშნავად ჩაატარა და „ჩიტადელას“ ელიტაში აღზევების შანსი მოუსპო.

არადა, ამ გუნდთა პირველი შეხვედრა „ჩიტადელამ“ საკუთარ მოედანზე კომფორტული უპირატესობით მოიგო (2:0) და სერია A-ში ისტორიაში პირველად გადასვლის ჩინებული შანსი ჰქონდა.

მაგრამ, „სტადიო ბენტეგოდიზე“ „ვერონამ“ ორბურთიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა. პირველ ტაიმში ანგარიში მატია ძაკანიმ გახსნა, ხოლო 62-ე წუთზე სტუმრები ლუკა პაროდის გაძევების შემდეგ რიცხობრივ უმცირესობაში დარჩნენ. „ვერონამ“ ამით მალევე ისარგებლა და სამუელ დი კარმინემ ორმატჩიან დუელში ანგარიში გაათანაბრა. თამაშის დასრულებამდე 13 წუთით ადრე „ჩიტადელა“ 9 ფეხბურთელით დარჩა მოედანზე, ამჯერად ფედერიკო პროია გაუდგა გასახდელის გზად.

ბუნებრივია, ეს „ვერონასთვის“ დიდი უპირატესობის ნიშანი გახლდათ და კარიმ ლარიბიმ 83-ე წუთზე მესამე და გადამწყვეტი გოლიც გაიტანა.

ცნობისთვის, „ვერონა“ სერია A-ს ერთწლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. აქვე გეტყვით, რომ მანამდე იტალიური ფეხბურთის ელიტაში თამაშის უფლება „ბრეშამ“ და „ლეჩემ“ მოიპოვეს.

„ვერონა“ – „ჩიტადელა“ 3:0 (1:0)

გოლები: 1:0 ძაკანი (27), 2:0 დი კარმინე (69), 3:0 ლარიბი (83)

0.109575