ჩოგბურთი

19:40 | 1.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ქართველ ჩოგბურთელთა წარმატება მზიურის კორტებზე

ახალგაზრდა ქართველი ჩოგბურთელი საბა ფურცელაძე მზიურის ბაზაზე დასრულებული 18 წლამდელთა საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული გახდა, რომელშიც ოცამდე ქვეყნის სამოცზე მეტი სპორტსმენი იყო ჩართული.

ფურცელაძე მე-4 ნომრად იყო განთესილი და 5 გამარჯვება იზეიმა. საბამ გზიდან ირანელი სიავა შირდელი (6:2, 6:3), სომეხი არტურ სოღოიანი (6:2, 6:2) და ყაზახები დმიტრი ბეზბოროდოვი (6:3, 4:6, 7:5) და პირველი რეიტინგის მქონე როსტისლავ გალფინგერი (7:5, 6:3) ჩამოიცილა.
გადამწყვეტ შეხვედრაში ფურცელაძე კიდევ ერთ ყაზახს, მე-2 ნომრად განთესილ ბეკზატ უსიპბეკოვს გადაეყარა და მძიმე ბრძოლაში 6:2, 3:6, 7:6 (10:8) მოიგო.
ვთქვათ ისიც, რომ შეჯიბრის ძირითად ბადეში დავით ტოტიკაშვილმა, გიორგი ლუკას ხარატიშვილმა, გიორგი გიორგაძემ, ბექა ვინსტონმა და ლაშა გიორგი კიკვიძემაც ითამაშეს.
ქართველებს დარჩათ მთავარი პრიზი გოგონების წყვილთა ტურნირშიც, სადაც პირველი განთესვის მქონე თამარ გაგოშიძემა და ნინო ნაცვლიშვილმა იყოჩაღეს.
მათ მზიურის კორტებზე 4 გამარჯვება იზეიმეს. ქართველმა ჩოგბურთელებმა პოლონელ ფორმელასა და ყაზახ ნიკოლენკოს 6:4, 6:0 სძლიეს, რუსები ჩოჩია და ზოლოტარევა 4:6, 6:1, 10:6 დაამარცხეს, ლატვიელ დალეცკასა და აზერბაიჯანელ ჰაშიმოვას 6:1, 6:1 მოუგეს, ფინალში კი კიდევ ერთ რუსულ დუეტს (კონევა-პრიდაკინა) აჯობეს – 6:7 (6:8), 6:4, 10:8.
ერთეულთა შეჯიბრში ყველაზე უკეთ იმავე გაგოშიძემ იასპარეზა, ვინც მეოთხედფინალამდე მივიდა, ნაცვლიშვილი, ანამარია ქურციკაშვილი, ეკატერინე ჟორჟოლიანი, სოფიკო ზეიკიძე, ანი ზეიკიძე, დალიდა ქადარია და ლიკა ბოლქვაძე კი ტურნირს მანამდე გამოეთიშნენ.

0.138296