ფეხბურთი

22:50 | 30.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

მსოფლიოს 20 წლამდე ჩემპიონატის ორი რეკორდი: ნორვეგიამ 12:0 მოიგო, 9 გოლი ერთმა ფეხბურთელმა გაიტანა! (+VIDEO)

პოლონეთში მიმდინარე მსოფლიოს 20-წლამდე ჩემპიონატიზე C ჯგუფის ბოლო ტურში ნორვეგიამ ჰონდურასი 12:0 გააცამტვერა და 9 გოლი ერლინგ ბრაუტ ჰოლანდმა გაიტანა!

დიახ, 18 წლის ნორვეგიელმა ფორვარდმა დაუვიწყარი თამაში ჩაატარა, ერთი შეხედვით წარმოუდგენელი შედეგი დააფიქსირა და რეკორდიც დაამყარა: მსოფლიოს 20-წლამდე ჩემპიონატების ისტორიაში ერთ თამაშში 9 გოლი აქამდე არავის გაუტანია. გარდა ამისა, რეკორდი დაამყარა ნორვეგიამაც (რაშიც ჰოლანდის წვლილი დიდია), რადგან ასეთი დიდი სხვაობით ხსენებულ ასაკობრივ მსოფლიოს ჩემპიონატზე დღემდე არავის ჰქონდა მოგებული.

ჰოლანდი იანვარში „მიოლდედან“ ავსტრიულ „ზალცბურგში“ გადავიდა და ადგილობრივ ბუნდესლიგაში ორ ჩატარებულ მატჩშიც მოასწრო თავის გამოჩენა (ერთხელ).

რაც შეეხება ნორვეგიის ნაკრების სატურნირო მდგომარეობას, 3 ქულით C ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა, მაგრამ პლეი-ოფში გასვლის შანსი ჯერ კიდევ აქვს, თუ საუკეთესო ოთხ მესამეადგილოსანს შორის მოხვდება. ამისთვის წინაპირობაც შეიქმნა და მშვენიერი ბურთების ბალანსი გააჩნია (13:5).

0.117127