სხვა

20:03 | 26.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

მიუნხენში, მსოფლიო თასზე...

26-30 მაისს გერმანიის ქალაქი მიუნხენი ტყვიის მსროლელთა თასის მორიგი ეტაპს მასპინძლობს, რომელშიც საქართველო 4 სპორტსმენით იქნება წარდგენილი. ქალთა შორის ოლიმპიური, მსოფლიოს ექვსგზის და ევროპის ცამეტგზის ჩემპიონი ნინო სალუქვაძე და ახალგაზრდებში მსოფლიოსა და ევროპის მესამე პრიზიორი ლიზი კილაძე გამოვლენ, ხოლო ვაჟებში - ახალგაზრდებში გუნდურში ევროპის ბრინჯაოს მედალოსანი ცოტნე მაჭავარიანი და ლევან ქადაგიძე.

ესეც სალიცენზიო შეჯიბრებაა, სადაც ტოკიოს ოლიმპიადის ლიცენზიები გაიცემა - 2-2 საგზური, ოღონდ თუ ამ ზონაში უკვე ლიცენზირებული მოხვდება, მაშინ ლიცენზიას მისი მომდევნო მიიღებს და ასე შემდეგ. შეგახსენებთ, რომ ჩვენგან საგზური უკვე მოპოვებული აქვს ნინო სალუქვაძეს, რაც მისთვის სარეკორდო, მეცხრე თამაშებია, ჩვენი ოლიმპიური დელეგაციისთვის კი - პირველი.
ამ კვარტეტიდან ტურნირში პირველი სალუქვაძე ჩაებმება, რომელიც დღეს დაიწყებს გამოსვლას სპორტული პისტოლეტიდან სროლაში და საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ნახევარს ჩაატარებს, 27-ში კი მას დაამთავრებს.

ხვალვე იასპარეზებენ ვაჟებიც პნევმატური იარაღით, საღამოს კი ორივე დისციპლინაში ფინალი გაიმართება.
ქალები პნევმატური პისტოლეტიდან 29 მაისს ისვრიან. ფინალიც იმავე დღესაა, 30-ში კი შერეულ წყვილთა შეჯიბრებაა, სადაც ჩვენგან ორი დუეტი გამოვა: სალუქვაძე-მაჭავარიანი და კილაძე-ქადაგიძე.

საქართველოს სროლის სახეობათა ეროვნული ფედერაციის პრესსამსახური

0.118873