ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში დღეს რეგულარული ჩემპიონატის დასკვნითი 34-ე ტური შედგა, რომლის შედეგებითაც ოფიციალურად დადგინდა, რომ თორნიკე შენგელიას “ბასკონია”, გიორგი შერმადინის “უნიკახა” და თად მაკფადენის “ხუვენტუტი” პლეი-ოფში ითამაშებენ, ბექა ბურჯანაძის “გიპუზკოა ბასკეტი” კი ლიგა ენდესას დაემშვიდობა.
ბასკონიელები “ვალენსიას” ესტუმრნენ და 81:92 წააგეს, შენგელია კი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 25:08 წუთში 13 ქულა, 3 მოხსნა, 5 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა.
თოკომ 7-დან 5 ორქულიანი და სამქულიანი ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 2-ჯერ დაჯარიმდნენ.
შედეგად, ქართველი მძიმე ფორვარდის სარგებლიანობის კოეფიციენტი 18-ს გაუტოლდა და ის სტუმართა რიგებში მხოლოდ იოჰანეს ვოიგტმანსა და ლუკა ვილდოზას ჩამორჩა.
გერმანელმა ფორვარდმა 9 ქულა, 12 მოხსნა, 6 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა, არგენტინელი მცველის მონაგარი კი 18 ქულა, 5 პასი და 2 ჩაჭრა გახლდათ.
საინტერესოა, რომ შენგელიამ სეზონის საშუალო სარგებლიანობის კოეფიციენტად 18.2 დააფიქსირა, რაც ლიგის საუკეთესო მაჩვენებელია.
საბოლოოდ, “ბასკონიამ” 26 მოგებითა და 8 მარცხით მე-3 ადგილი დაიკავა და პლეი-ოფის მეოთხედფინალში “სარაგოსას” გაეჯიბრება.
21 გამარჯვებითა და 13 წაგებით რეგულარული პირველობა მე-5 პოზიციაზე დაასრულა “უნიკახამ”, რომელიც პლეი-ოფში სწორედ ხსენებულ “ვალენსიას” დაუპირისპირდება.
დღეს, მალაგელები შერმადინის ყოფილ კლუბ “მორაბანკ ანდორას” დაუხვდნენ 72:66 იმარჯვეს. ქართველი ცენტრი სასტარტო შემადგენლობაში გამოჩნდა და 12:40 წუთში 8 ქულა, 6 მოხსნა (2 შეტევაში) და 1 პასი მოაგროვა.
შერმადინმა 4-დან 3 ორქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც 4-ჯერ დაჯარიმდნენ. საინტერესოა, რომ გიორგის კონკურენტმა, ფრანგმა ცენტრმა მატიას ლესორმა შვიდივე ტყორცნა ააცილა და მატჩი 0 ქულით, თუმცა კი, 10 მოხსნით დაასრულა.
პლეი-ოფში “ბარსელონასთან” ჭიდილი მოუწევს მაკფადენის “ხუვენტუტს”, რომელმაც ბოლო ტურში “ესტუდიანტესს” 86:78 მოუგო და ტურნირი 18 მოგებითა და 16 მარცხით მე-7 ადგილზე დაასრულა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნატურალიზებულმა ამერიკელმა უკანახაზელმა მოედანზე 12:11 წუთი გაატარა და 2 ქულა, 1 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოაგროვა. თადმა 2-დან 1 ორქულიანი გამოიყენა, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, ერთხელ დაუფარეს და მის წინააღმდეგ ერთხელ დაჯარიმდნენ.
სამწუხაროდ, ლიგა ენდესას გამოეთხოვა ბექა ბურჯანაძის “გიპუზკოა ბასკეტი”, თუმცა, ჩვენებურის ბოლოდროინდელი გარჯა იმედს გვიტოვებს, რომ ის ესპანეთის ელიტარულ ლიგაში ადგილს შეინარჩუნებს.
დღევანდელ მატჩში “გიპუზკოა ბასკეტი” ჩემპიონატის ლიდერ მადრიდის “რეალს” დაუხვდა და მოსალოდნელი მარცხი განიცადა 76:95.
ქართველი ლეგიონერი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და 29:54 წუთში მასპინძელთა რიგებში ყველაზე შედეგიანი გახლდათ.
ბექამ 3-დან 2 ორქულიანი და 8-დან 3 სამქულიანი ჩააგდო და 13 ქულას 9 მოხსნა (5 შეტევაში), 1 პასი და 1 ჩაჭრა წაამატა. ბურჯანაძემ 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები 3-ჯერ დაირღვა.
შედეგად, ქართველი მძიმე ფორვარდის სარგებლიანობის კოეფიციენტი 19-ს გაუტოლდა, რაც “გიპუზკოა ბასკეტის” მხრიდან საუკეთესო მაჩვენებელი იყო, ჩვენებურის გუნდს კი 10 მოგება და 24 მარცხი მოუგროვდა და ლიგა ენდესას “ბრეოგანთან” ერთად გამოეთხოვა.
დასასრულ ვთქვათ ისიც, რომ ესპანეთის ჩემპიონატის სასტარტო საპლეიფო მატჩები 30 მაისს ჩატარდება.