ფეხბურთი

21:47 | 25.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

დიდი ცვლილებები "ფიორენტინაში": "იებს" ამერიკელი მილიარდელი ყიდულობს

ფლორენციის „ფიორენტინას“ სულ მალე ახალი მფლობელი ეყოლება. New York Times-ის ცნობით, იტალიური წარმოშობის ამერიკელი მილიარდელი როკო კომისო ფლორენციელთა ახალი მფლობელი იქნება.

როგორც ამერიკული გამოცემა წერს, მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს და კომისო „ფიორენტინას“ 135 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძენს. აღნიშნულ ინფორმაციას ორშაბათს ოფიციალურად დაადასტურებენ.

„17 წლის წინ შემეძლო „სამპდორიას“ შეძენა, არცთუ დიდი ხნის წინ „რომას“, შემდეგ „მილანის“. დრო და დრო, „პესკარას, „კატანიას“, „პალერმოსა“ და „რეჯინას“ შეძენასაც მთავაზობდნენ, მაგრამ იცით რატომ ვთქვი უარი? იმიტომ, რომ მე „იუვენტუსის“ გულშემატკივარი ვარ, მაგრამ სამწუხაროდ ანდრეა ანიელის ჩემი ფული არაფერში სჭირდება“, - ციტირებს კომისოს სიტყვებს Sky Sport Italia.

68 წლის კომისო კალაბრიაში დაიბადა, მაგრამ 12 წლის ასაკში აშშ-ში გადაინაცვლა და ამჟამად Forbes-ის მონაცემებით მსოფლიოს 400 უმდიდრეს ადამიანს შორის შედის. 2017 წელს მან გაკოტრებისგან „ნიუ-იორკ კოსმოსი“ იხსნა.

რაც შეეხება „ფიორენტინას“, „იები“ 2002 წელს დელა ვალების ოჯახმა (ძმები ანდრეა და დიეგო დელა ვალე) გაბანკროტების შემდეგ შეიძიენეს და მათი პატრონაჟის დროს „ფიორენტინამ“ სერია C2-დან ჩემპიონთა ლიგამდე მიაღწია, მაგრამ მიუხედავად ამისა, გულშემატკივრებს შორის სიყვარულით და პოპულარობით ვერ სარგებლობენ.

აღსანიშნავია, რომ სერია A-ს ბოლო ტურში თუ „ფიორენტინა“ შინ „ჯენოასთან“ წააგებს და პარალელურად „ემპოლი“ გაიმარჯვებს, როკო კომისოს „იების“ პატრონობის დაწყება სერია B-დან მოუწევს.

Loading...
სტატისტიკა
0.242214