პროფესიონალმა ქართველმა მოკრივე ლაშა გურგულიანმა გუშინ ეგვიპტის დედაქალაქ ქაიროში გამართულ საჩემპიონო ბრძოლაში WBF Super Welterweight კატეგორიაში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
ქართველის მეტოქე ბერძნული წარმოშობის ეგვიპტელი, 27 წლის ანდრეას ვალავანისი იყო. ქაიროში ბრძოლამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, რადგან ეგვიპტური კრივის ისტორიაში ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ადგილობრივ მოკრივეს მსოფლიო ჩემპიონის ქამრისთვის ბრძოლის შანსი ჰქონდა.
საბედნიეროდ, გურგულიანი სრულად კონცენტრირებული გავიდა რინგზე და გამარჯვება ეჭვქვეშ არ დაუყენებია. 12 რაუნდიან დაპირისპირებაში მან რამდენჯერმე დაანოკდაუნა მეტოქე, მაგრამ ვალავანისმა ბოლომდე გაუძლო. საბოლოოდ კი, ქართველმა ქულებით მოიპოვა გამარჯვება და მსოფლიო ჩემპიონის საპატიო ქამარიც მოირგო.
“ძალიან ბედნიერი ვარ. შრომა და მონდომება დამიფასდა და შევძელი მსოფლიო ჩემპიონის ქამრის მოპოვება. საკმაოდ ძლიერი მეტოქე მყავდა და ბრძოლაც მის მშობლიურ ქალაქში იყო, თუმცა ყურადღება არაფრისთვის მიმიქცევია, მხოლოდ ბრძოლასა და ჩემპიონობაზე ვფიქრობდი. მიხარია, რომ ჩემი წარმატება 26 მაისის ზეიმს დაემთხვა და ამ გამარჯვებას საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, საქართველოს ხალხს და ქართული კრივის ქომაგებს ვუძღვნი!” - განაცხა ჩემპიონმა.
ლაშა გურგულიანი საქართველოში ხვალ, 26 მაისს ბრუნდება. დილის 9:30 საათზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მსოფლიოს ჩემპიონს საქართველოს პროფესიული კრივის ფედერაციის ხელმძღვანელები, ქომაგები და მედიის წარმომადგენლები დახვდებიან.