მორიგი ვიდეო იმის დასტურად, რომ ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე იგივე ტოჩინოშინი მსაჯების უსამართლო გადაწყვეტილების მსხვერპლი გახდა.
შეგახსენებთ, რომ ჩვენებურს ოძეკის პრესტიჟული ტიტულის დასაბრუნებლად მაისის ბაშოზე 10 გამარჯვების დაფიქსირება სჭირდებოდა და დღეს, წარმატებასაც მიაღწია, თუმცა, იაპონელ ასანოიამასთან კუთვნილი მოგება მონოიმ (არბიტრთა კომისია) აართვა.
გამარჯვების შემთხვევაში, ტოჩინოშინი სწორედ ასანოიამასა და იოკოძუნა კაკურიუს უთანაბრდებოდა და “იმპერატორის თასისთვის” ბრძოლაშიც რეალურად ჩაებმებოდა, ამგვარად კი, ოძეკის წოდებიც კი სათუო გაუხდა.
წარმოდგენილ ვიდეოში სადავო ეპიზოდი რამდენიმე კუთხითაა ნაჩვენები და ნათლად სჩანს, რომ ილეთის განხორციელებამდე, ქართველ სეკიტორს ქუსლი დოჰიოს მიღმა არ გადაუდგამს, მსაჯებმა კი განმეორებების ნახვისა და ექვსწუთიანი თათბირის შემდეგ, საპირისპირო გადაწყვეტილება მიიღეს.
აღნიშნულს დიდ უსამართლობას უწოდებს კომენტატორიც, რომლის ხმაც ვიდეოში ისმის, კომენტარებში კი (მათი რაოდენობა 450-მდე ადის) სრული ერთსულოვნებაა: ესაა ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო ვერდიქტი, რომელიც სუმოს მრავალწლოვან ისტორიაში დაფიქსირებულა.
სიტუაციას ამძაფრებს ისიც, რომ ბევრნი ამ შეცდომას არა შემთხვევითს, არამედ გამიზნულს უწოდებს. სუმოს მამებს ბრალს იაპონელი ასანოიამას მხარდაჭერაში სდებენ, რომელიც დღევანდელი “გამარჯვების” მერე, ნაცუ ბაშოს ერთპიროვნულ ლიდერად იქცა და კარგი შანსი აქვს “იმპერატორის თასის” მოულოდნელი მფლობელი გახდა.
იმას, რომ ქართველი სუმოისტი უსამართლობის მსხვერპლი გახდა, თავად იაპონელებიც აღიარებენ. მე-13 დღის საშეჯიბრო დღის დასრულებიდან უკვე რამდენიმე საათი გავიდა და ვერავინ ამბობს, რომ მსაჯების გადაწყვეტილება მართებული იყო.
ამ ფონზე ინტერნეტ-სივრცეში იმედისმომცემი ინფორმაცია გაჩნდა, რომლის თანახმადაც, იაპონიის სუმოს ასოციაცია, შესაძლოა, უპრეცენდენტი ნაბიჯზე წავიდეს და ტოჩინოშინს ოძეკის წოდება 9 მოგებიც ფონზეც დაუბრუნოს. ცხადია, ამით ასანოიამასთან მარცხს ვეღარაფერი ეშველება, თუმცა, ლევანისთვის გარკვეული შვება ნამდვილად იქნება.
ეს საკითხი დღის წესრიგში აღარ დადგება, თუკი ტოჩინოშინი დარჩენილ ორ შერკინებაში იყოჩაღებს, მითუმეტეს, რომ მას მაისის სუპერტურნირის მოგების თეორიული შანსიც კი აქვს დარჩენილი. ქართველ გოლიათს უმნიშვნელოვანესი პაექრობა ხვალ ელის, როდესაც იოკოძუნა კაკურიუს დაუპირისპირდება.