საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-15 ტურში ბოლნისის „სიონმა“ „რუსთავს“ უმასპინძლა და საოცარი შეხვედრის მომსწრენი გავხდით.
ამ მატჩს არაფერი აკლდა, დადებითიც და უარყოფითიც - თამაშის დასრულებამდე 6 წუთით ადრე, „რუსთავი“ მშვიდად, სამბურთიანი სხვაობით იგებდა, მაგრამ „სიონმა“ საოცრება მოახდინა და არ წააგო. უარყოფით რაც შეეხება, მე-60 წუთზე ფეხბურთელებმა მოედანზე მუშტი-კრივი გააჩეღეს და შედეგად, გუნდები მოედანზე 9-9 ფეხბურთელით დარჩნენ.
უნდა ვთქვათ, რომ თამაში მძიმე მეტეოროლოგიურ პირობებში დაიწყო და ძლიერი წვიმა ხარისხიან ფეხბურთს ხელს უშლიდა. უფრო სწორად, „სიონს“ უშლიდა, რადგან სწორედ ამ მონაკვეთში ვარლამ კილასონიას „რუსთავმა“ კომფორტული უპირატესობა მოიპოვა. მე-5 წუთზე ზაზა ციცქიშვილმა გახსნა ანგარიში, ხოლო 6 წუთში ლაშა ქოჩლაძემ ნიკოლაი ყიფიანის კუთხურს შემდეგ დასწრებაზე ითამაშა და 2:0. ანტრაქტამდე არაფერი შეცვლილა, მაგრამ მთავარი მოვლენები წინ გველოდა.
61-ე წუტზე ლუკა სილაგაძე ციცქიშვილის პასით მეკარესთან პირისპირ დარჩა და პრაქტიკულად ყველაფერი დაასრულა - 0:3. მერე იყო ჩხუბი პირდაპირი გაგებით, რასაც ბოლნისელთა რიგებიდან ვილი ისიანისა და დავით თარგამაძის, ხოლო სტუმართაგან ლაშა ქოჩლაძისა და ლუკა გადრანის გაძევება მოჰყვა. ფეხბურთელებმა ნერვები ვე მოთოკეს და ფეხბურთიდან სპორტის სხვა სახეობაში გადაინაცვლეს. გიორგი ყრუაშვილმა კი ასისტენტებთან თათბირის შემდეგ ერთბაშად 4-ჯერ გამოიყენა წითელი ბარათი...
ასე იყო თუ ისე, თამაში განახლდა. თამაში, რომელიც „რუსთავს“ მშვიდად უნდა მიეყვანა გამარჯვებამდე, მაგრამ ვერ მოახერხა. 84-ე წუთზე დავით კირკიტაძემ დაასველა ანგარიში, რასაც სამ წუთში ზურაბ ჯაფიაშვილის ავტოგოლიც მოჰყვა. ყრუაშვილმა შეხვედრას 6 წუთი დაამატა და პირველი დამატებული წუთი მიმდინარეობდა, ლევან ხმალაძემ რომ გაათანაბრა - 3:3!
„სიონის“ დიდებული ხასიათი და ბრწყინვალე ქამ-ბექი. „რუსთავმა“ კი პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ძვირფასი ორი ქულა წყალს გაატანა. ბოლნისელები 21 ქულით მეხუთე პოზიციაზე არიან, ხოლო „რუსთავი“ 11 ქულით „ვიტ ჯორჯიასთან“ მეცხრე-მეათე ადგილებს ინაწილებს.
„სიონი“ – „რუსთავი“ 3:3 (0:2)
გოლები: 0:1 ციცქიშვილი (5), 0:2 ქოჩლაძე (11), 0:3 სილაგაძე (61), 1:3 კირკიტაძე (84), 2:3 ჯაფიაშვილი (88, ა.გ), 3:3 ხმალაძე (90)