ძიუდო

14:43 | 24.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჩინური გრან პრი აზიელთა ჰეგემონიით დაიწყო

ჩინეთის ქალაქ ჰოჰოტში გრან პრის პირველი დღის ორთაბრძოლები მიილია. ცხადია, პირველ რიგში ჩვენს ინტერესს ვაჟთა შეჯიბრება იწვევს, სადაც ჩემპიონთა ვინაობა ორ წონით კატეგორიაში გაირკვა, თუმცა, ქართველი ძიუდოისტები ტატამზე არ გასულან.

60 კგ-მდე წონაში პირველობა არავის დაუთმო სამხრეთკორეელმა ვონ ჯინ კიმმა, რომელმაც ფინალში ტაივანელი იუნ ვეი იანი დაამარცხა, ბრინჯაოს მედლები კი კიდევ ერთმა სამხრეთკორეელმა ინ ჰიუკ ჩოიმა და რუსმა ალბერტ ოგუზოვმა დაისაკუთრეს.
აზიელთა ჰეგემონია იგრძნობოდა 66 კგ-შიც, სადაც ჩემპიონობა მორიგმა სამხრეთკორეელმა ლიმჰვან კიმმა იზეიმა, ვერცხლს რუსი არამ გრიგორიანი დაეუფლა, ბრინჯაოები კი ტაივანელმა მინ იენ ცაიმა და მონღოლმა ბაშკუუ იონდონპერენლეიმ აიღეს.
ქალთა შორის კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე იუ სუნ იონი (ჩრდილოეთ კორეა), უტა აბე (იაპონია) და ჯინ ა კიმი (ჩრდილოეთ კორეა) ავიდნენ.
გრან პრი 25 მაისს გაგრძელდება და საქმეში სამ ქართველ ძიუდოისტსაც ვიხილავთ. 73 კგ-ში ვალერი იაშვილი ძალებს ეგვიპტელ მოჰამედ მოჰიელდინთან სცდის და წარმატების შემთხვევაში, პირველ ნომრად განთესილ შვედ ტომი მასიას შეერკინება.
მსგავს სიტუაციაშია ტატო გრიგალაშვილიც (81 კგ.), რომელიც ფრანგ ნიკოლა შილარს გაეჯიბრება და თუკი წარმატებას მიაღწია, უმთავრეს ფავორიტად შერაცხულ ირანელ საეიდ მოლაეის დაუპირისპირდება. ამავე წონაში ბერძენ ალექსიოს ნტანაციდისთან ჭიდილი მოუწევს კობა მჭედლიშვილს.
ჩინურ გრან პრიზე დასკვნითი ორთაბრძოლები 26 მაისს შედგება. გიორგი პაპუნაშვილი (90 კგ.) საწყის რაუნდში თავისუფალია და მე-2 წრეში რუს რომან დონცოვსა და ამერიკელ კოლტონ ბრაუნს შორის უმჯობესს ელის. ასევე ისვენებს უშანგი მარგიანი, რომელიც მერვედფინალში შვეიცარიელ სირილ გროსკლაუსსა და ჩინელ რიგედე ბუს შორის გამარჯვებულს გაეჯიბრება.
მძიმე წონაში საქართველოს ერთადერთი წარმომადგენელი ლევან მატიაშვილი (+100 კგ.) ეყოლება, რომელიც ბრძოლაში ასევე მერვედფინალიდან ჩაებმება. მისი მეტოქე რუსი ანტონ ბრაჩევისა და ჩინელი იონჯიე იინის შერკინებაში ირკვევა.
ჰოჰოტის გრან პრიზე ფინალური ბლოკი შაბათს 13:00 საათზე დაიწყება, კვირას კი – 12:00 საათიდან.

0.12554