სხვა

13:07 | 24.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

მსაჯებმა ტოჩინოშინი დაჩაგრეს (+VIDEO)

ნაცუ ბაშოს მე-13 საშეჯიბრო დღე ტოჩინოშინისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, რადგან ქართველი სუმოისტი წლის მესამე სუპერტურნირის ლიდერ ასანოიამას ხვდებოდა და თითქოს ყველაფერი კარგად წარიმართა, თუმცა... ვინ იცის იქნებ ჩემპიონობაც კი დააკარგვინეს ჩვენებურს.

ორთაბრძოლა ტოჩინოშინმა აგრესიულად დაიწყო და მეტოქე დოჰიოდან გადაიყვანა, მაგრამ საქმეში მსაჯები ჩაერთვნენ, რომლებმაც გამარჯვება იაპონელ მეტოქეს დაუფიქსირეს. ამ გადაწყვეტილებამ კი ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი დატოვა.

ეს აღნიშნული წყვილის მეორე დაპირისპირება იყო და მათი ბალანსი გათანაბრდა - 1 მოგება, 1 წაგების საპირისპიროდ.

ამ წაგების შემდგომ ტოჩინოშინს 9 მოგების წილ 4 მარცხი აქვს და კვლავ იბრძვის ოძეკის ტიტულის დასაბრუნებლად, რომელიც დღეს უკვე მოპოვებული უნდა ჰქონოდა, რომ არა გიოჯის არასწორი გადაწყვეტილება.

ჩვენებურის მომდევნო მეტოქე იოკოძუნა კაკურიუ იქნება, რომელსაც აქამდე 26-ჯერ შეხვედრია და მხოლოდ 3 ორთაბრძოლა დაასრულა მოგებით, დარჩენილ 23 შეხვედრაში კი დამარცხდა.

ასანოიამას 11 მოგება და 2 მარცხი აქვს და ჩემპიონობისკენ მიიწევს. მისი მომდევნო მეტოქე ოძეკი გოეიდო იქნება, რომელსაც 9:4 ბალანსი აქვს.

მარცხი განიცადა ნაცუ ბაშოს ერთ-ერთმა ლიდერმა კაკურიუმაც. იოკოძუნას მეტოქე ტაკაიასუ იყო, რომელთანაც ოშიდაშით დამარცხდა და მიმდინარე ბაშოზე მესამე მარცხი იწვნია. ოძეკი ტაკაიასუ კაკურიუს 22-ჯერ შეხვედრია და აქიდან 10-ჯერ დაამარცხა მეტოქე, 12-ჯერ კი თავად დამარცხდა.

რომ არა მსაკების უსამართლო გადაწყვეტილება, ტოჩინოშინსა და კაკურიუს ერთანაირი მოგება-წაგების თანაფარდობა ექნებოდათ და ყველაფერი მათ დაპირისპირებაში გადაწყდებოდა, თუმცა ხვალ ჩვენებურს არა ჩემპიონობისთვის, არამედ ოძეკის ტიტულის დასაბრუნებლად მოუწევს ბრძოლა.

გორგაძის მსგავსად, 9 მოგება და 4 მარცხი კიდევ ორ მონაწილეს: ტამავაშისა და მაისეის აქვს.

0.118262