ჩოგბურთი

1:12 | 23.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

შაფათავამ იერუსალიმში მოგებით დაიწყო

ქართველმა ჩოგბურთელმა სოფო შაფათავამ ისრაელის დედაქალაქ იერუსალიმში მიმდინარე 25-ათასიან ტურნირზე პირველი წრე დასძლია.

შაფათავა საწყის რაუნდში კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ – ევგენია ლევაშოვას გადაეყარა და მართალია, დიდი ბრძოლა გადაიტანა, საბოლოოდ, 5:7, 6:4, 6:4 მოიგო.
მერვედფინალში სოფოს მეტოქე მე-4 ნომრად განთესილი ბელარუსი იულია ჰატოუკა იქნება.
წყვილთა შეჯიბრში შაფათავა და ბრიტანელი ემილი ვებლი-სმითი, რომელთაც გასულ კვირებში ზედიზედ ორი 25-ათასიანი ტურნირი მოიგეს, ბრძოლაში პირდაპირ მეოთხედფინალიდან ჩაებმებიან.
სოფო და ემილი პირველ შეხვედრაში ებრაელ აკლერსა და რუს ლევაშოვას გაეჯიბრებიან.
სამწუხაროდ, თავი ვერაფრით გამოიჩინა ოქსანა კალაშნიკოვამ, რომელიც სტრასბურგის (საფრანგეთი) საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 250 ათასი ევრო) ლიუდმილა კიჩენოკთან ერთად ჩაება.
ქართველი და უკრაინელი ჩოგბურთელები მერვედფინალში მე-4 განთესვის მქონე ხორვატულ-რუმინულ წყვილს (იურაკი-ოლარუ) დაუპირისპირდნენ და 4:6, 3:6 წააგეს.
ანტალიის 15-ათასიანი ტურნირის პირველ წრეში ბერძენ საპფო საკელარიდისთან 1:6, 6:3, 2:6 დამარცხდა ანა მაქაცარია, რომელიც იუნიორთა ქვოტით ირჯებოდა.
ანტალიაშივე ვაჟების 15-ათასიან შეჯიბრში ზურა ტყემალაძემ კვალიფიკაცია კი გაიარა, თუმცა, ძირითად ბადეში მე-2 ნომრად განთესილ ბელგიელ კრისტოფერ ჰეიმანთან 6:7 (2:7), 0:6 დამარცხდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111684