კალათბურთი

0:33 | 23.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

შენგელია – 6, მაკფადენი – 12

თორნიკე შენგელიას “ბასკონიამ” ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის 33-ე ტურში თად მაკფადენის “ხუვენტუტს” 87:81 სძლია და 26 მოგებითა და 7 მარცხით, “ბარსელონასთან” ერთად, მეორე-მესამე ადგილებს ინაწილებს.

ქართველი ლეგიონერი, რომელსაც დამცავი ნიღაბი ეკეთა, სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 23:29 წუთში 6 ქულა, 5 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. თოკომ 6-დან 3 ორქულიანი ჩააგდო, 4-ვე საჯარიმო ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა, არ დაჯარიმებულა, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ.

ბასკონიელთა რიგებში საუკეთესო ამერიკელი დარუნ ჰილარდი იყო 24 ქულით, საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა ამერიკელმა უკანახაზელმა მაკფადენმა კი 6-დან 4 სამქულიანი გამოიყენა და ბადალონელებს 12 ქულა, 2 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა შესძინა.

ესპანურ ლიგაში დასკვნითი ტურიღაა დარჩენილი, რომელიც 26 მაისს შედგება. “ბასკონია” “ვალენსიას” ესტუმრება, “ხუვენტუტი” კი, რომელიც 17 მოგებით მე-7 პოზიციაზეა, “ესტუდიანტესს” დაუხვდება.

0.120861