ჩოგბურთი

23:10 | 22.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილს მეოთხედფინალში ცონგასთან შერკინება ელის

27 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა, რომელიც საფრანგეთის ქალაქ ლიონში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 586 140 ევრო) პირველ ნომრადაა განთესილი, მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა.

ნიკა შეჯიბრში პირდაპირ მერფვედფინალიდან ჩაება და “იღბლიანი წაგებულის” სტატუსის მქონე ფრანგ ტრისტან ლამასინს, რომელმაც საწყის რაუნდში კვალიფიკაციის ერთ-ერთი გამარჯვებული იანიკ სინერი დაჯაბნა, 7:5, 7:5 სძლია.

შეხვედრა საათსა და 37 წუთს გაგრძელდა და ბასილაშვილმა 3 ეისი და 5 ორმაგი შეცდომა მიითვალა. მას პირველ მოწოდებაზე 68%-ანი მაჩვენებელი ჰქონდა, საიდანაც სათავისოდ 71% (37 52-დან) დაასრულა, მე-2 მოწოდებაზე კი ბურთების 44% (11 25-დან) მოიგო.

ქართველმა ჩოგბურთელმა 8-დან 4 ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, თავად მოწოდება 2-ჯერ დათმო და ჯამში, მეტოქის 75-ს წილ 83 გათამაშებაში იმარჯვა.

მეოთხედფინალში გასვლის წყალობით, ნიკამ 45 სარეიტინგო ქულა და 26 990 დოლარი გამოიმუშავა, მისი მომდევნო მეტოქე კი ცნობილი ფრანგი ჩოგბურთელი ჟო-ვილფრიდ ცონგა იქნება.

ეს უკანასკნელი უკვე 34 წლის გახლავთ და მსოფლიოს რეიტინგში 85-ე ადგილზე იმყოფება, არადა, კარიერის პიკზე, 2012 წლის თებერვალში კლასიფიკაციის მე-5 ნომერი იყო.

საინტერესოა, რომ ბასილაშვილს ცონგასთან ერთადერთხელ სწორედ ლიონის ტურნირის ნახევარფინალში უთამაშია და 2017 წელს 2:6, 6:3, 1:6 დამარცხდა, ამდენად, რევანშის კარგი შანსი აქვს.

თუკი ნიკოლოზმა ფრანგული ბარიერი დასძლია, ATP-ს ლაივ-რეიტინგში მისთვის სარეკორდო მე-16 პოზიციაზე გადაინაცვლებს, ნახევარფინალში მისი მეტოქე კი, კანადელი ფელიქს ოჟიე-ალიასიმისა და ამერიკელი სტივ ჯონსონის შეხვედრაში გაირკვევა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.125182