ავტოსპორტი

6:27 | 21.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ფორმულა 1-ის ლეგენდა ნიკი ლაუდა 70 წლისა გარდაიცვალა

ფორმულა 1-ის მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი, ავსტრიელი ნიკი ლაუდა 70 წლისა, თირკმლის უკმარისობით გარდაიცვალა. სახელოვანი მრბოლი, ვინც ბოლო წლებში „მერსედესის“ ფ1-ის გუნდის არააღმასრულებელ დირექტორად მუშაობდა, შარშან ზაფხულიდან ჯანმრთელობის პრობლემებს ებრძოდა.

აგვისტოში ლაუდას ფილტვის გადანერგვის ოპერაცია გაუკეთეს, რის გამოც, ჰოსპიტალში ორი თვე გაატარა. ამ წლის დასაწყისში, ის გრიპით დაავადდა და მცირე ხნით, კვლავ ჰოსპიტალში მოხვდა. ბოლო დროს კი, შვეიცარიაში იმყოფებოდა, სადაც თირკმლის დიალიზის პროცედურები უტარდებოდა.

სამწუხაროდ, ორშაბათს საღამოს მისმა ოჯახმა გამოაცხადა, რომ ლაუდა გარდაიცვალა.

ლაუდამ თავისი პირველი ორი ტიტული „ფერარისთან“ ერთად, 1975 და 1977 წლებში მოიპოვე, ერთხელ კი (1984 წელს) ჩემპოიონი „მკლარენთან“ ერთად გახდა, როცა სულ ნახევარი ქულით აჯობა ალენ პროსტს. ლაუდას 1976 წელს ნურბურგრინგზე უმძიმესი ავარია შეემთხვა და შემთხვევით გადაურჩა სიკვდილს. იმ ავარიისას მიღებული დამწვრობის კვალი, მას სახეზე სამუდამოდ დარჩა. იმ სეზონში რამდენიმე რბოლა გაუცდა, თუმცა ტიტულისთვის ბრძოლაში, მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩა ბრიტანელ ჯეიმს ჰანტს. არავინ იცის, მოიგებდა თუ არა იმ სეზონში ჩემპიონატს, ბოლო რბოლა (იაპონიაში) დასაწყისშივე რომ არ შეეწყვიტა.

ლაუდამ თავისი კარიერის განმავლობაში, 171 რბოლაში მიიღო მონაწილეობა. აქედან 25 მოიგო, კვარცხლბეკზე 54-ჯერ ავიდა, 24-ჯერ პოულზე იდგა და ამდენივე რბოლაში უსწრაფესი წრე დააფიქსირა. „მარჩის“, BRM-ის, „ფერარის“, „ბრებჰემის“ და „მაკლარენის“ ავტომობილებით, სულ 420.5 ქულა აქვს დაგროვებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.160799