ფეხბურთი

1:30 | 21.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

შოთა არველაძის "ფახთაქორი" აზიის ჩემპიონთა ლიგას დრამატული მარცხით გამოეთიშა (+VIDEO)

შოთა არველაძის „ფახთაქორი“ აზიის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ჩარჩა. არადა, უზბეკურ გუნდ პლეი-ოფამდე სამი წუთი დააკლდა. D ჯგუფის ბოლო ტურის წინ ასეთი ვითარება იყო: ყატარულ „ალ-სადს“ პირველი ადგილი გარანტირებული ჰქონდა, ხოლო ირანულ „პერსეპოლისს“ ჯგუფიდან გასვლის შანსი არ გააჩნდა.

ეს გუნდები ერთმანეთს ირანში დაუპირისპირდნენ და მასპინძლებმა 2:0 მოიგეს, თუმცა ამას სატურნირო ვითარებაზე გავლენა არ მოუხდებია. მეორე წარმატებული გუნდის ვინაობა კი, საუდის არაბეთში, „ალ აჰლისა“ და არველაძის „ფახთაქორს“ შორის ირკვეოდა.

უზბეკები უპირატეს მდგომარეობაში იყვნენ, რადგან უშუალო კონკურენტს 2 ქულით უსწრებდნენ და შესაბამისად, ფრე მათ წისქვილზე ასხამდა წყალს. „ფახთქორი“ კი ამ შედეგთან ძალიან ახლოს იყო.

69-ე წუთამდე ანგარიში 0:0 იყო, მაგრამ ომარ ალ სომას გოლით მასპინძლები დაწინაურდნენ. შოთა არველაძის შეგირდებმა ამის შემდეგ შეუტიეს და 88-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა იგორ სერგეევმა წონასწორობა აღადგინა. თითქოს ტაშკენტელები პლეი-ოფში უნდა გასულიყვნენ, მაგრამ მსაჯის მეორე კომპენსირებულ წუთზე მათი ოცნება დაიმსხვრა - აბდულრაჰმან გარებმა „ალ აჰლის“ 2:1 მოაგებინა.

საბოლოოდ, D ჯგუფში ასეთი ვითარება შეიქმნა: „ალ-სადი“ 10 ქულა, „ალ აჰლი“ 9 ქულა, „ფახთაქორი“ 8 ქულა, „პერსეპოლისი“ 7 ქულა.

ახლა შოთის და მის შეგირდებს უზბეკეთის ჩემპიონატზე მოუწევთ კონცენტრირება, რომელსაც 9 ტურის შემდეგ 23 ქულით ლიდერობენ და უახლოეს მდევარ „ლოკომოტივის“ 5 ქულით უსწრებენ.

0.124698