მატჩების ჩაწყობასთან აგორებული სკანდალის შესახებ თავისი მოსაზრება საჯაროდ დააფიქსირა საქართველოს ნაკრებისა და ესპანური "სარაგოსას" თავდამსხმელმა გიორგი პაპუნაშვილმა. როგორც ქართველმა შემტევმა ფეისბუქში დაწერა, ეს სამარცხვინო ფაქტია და ყველა უნდა დაისაჯოს, ვინც ამაში გარეულია. განსაკუთრებით კი, ის ადამიანები, რომლებიც სათავეში დგანან.
"ძალიან ცუდი და სამარცხვინო ფაქტია, როდესაც ფეხბურთელი ყიდის იმას, რისთვისაც ბავშვობიდან შრომობდა. საკუთარი თავის გარდა, ყიდის თანაგუნდელს და გულშემატკივარს. დღეს ჩემმა ესპანელმა გუნდელებმა ჩემზე ადრე გაიგეს ეს ინფორმაცია და მეკითხებოდნენ თუ რა ხდებოდა საქართველოში, ვერაფერი ვუთხარი. ერთმნიშვნელოვნად ამაზრზენია ყველა, ვინც გარეულია ამ საქმეში, მთავარია ის ხალხი გამოვლინდეს, ვინც ამას სათავეებში უდგას!", - დაწერა პაპუნაშვილმა სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სპორტული შეჯიბრების მონაწილეთა მოსყიდვისა და მეორე და უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე ფეხბურთელების მიერ მატჩების ჩაწყობის ფაქტზე 8 მოქმედი და 3 ყოფილი ფეხბურთელი ბრალდებულის სახით დააკავეს.