ფეხბურთი

2:18 | 19.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ლა ლიგის ვერდიქტი: "ვალენსია" ჩემპიონთა ლიგაზე, "ესპანიოლი" - ევროპა ლიგაზე

ესპანეთის ლა ლიგის 2018-2019 წლების სეზონის დასრულებამდე ორი თამაში დარჩა და ორივე კვირას გაიმართება. „რეალი“ – „ბეტისისა“ და „ეიბარი“ – „ბარსელონას“ მატჩებს პრაქტიკული თვალსაზრისი არ ახლავს და მხოლოდ ფორმალობაა.

მანამდე კი ყველა კითხვის ნიშანს გაეცა პასუხი, კითხვის ნიშნები კი ბოლო ტურის წინ ბევრი არ ყოფილა. გასარკვევი იყო ვინ გავიდოდა მეოთხე და მეშვიდე ადგილებზე, შესაბამისად, ჩემპიონთა და ევროპა ლიგებზე.

„ვალენსია“ საკუთარ თავზე იყო დამოკიდებული. „ხეტაფესთან“ თანაბარი რაოდენობის ქულები ჰქონდა, მაგრამ ურთიერთშეხვედრებში სჯაბნიდა და თუ უმოტივაციო „ვალიადოლიდს“ აჯობებდა, ჩემპიონთა ლიგის საგზურსაც გაიფორმებდა. ასეც მოხდა, მარსელინო ტორალის გუნდმა კარლოს სოლერისა და როდრიგოს გოლებით მარტივად მოიგო, 61 ქულა დააგროვა და მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ვიხილავთ. პარალელურად „ხეტაფემ“ შინ „ვილიარეალს“ ვერ მოუგო, მაგრამ მადრიდელებისთვის ეს სეზონი მხოლოდ პოზიტიურია, რადგან მეხუთე ადგილი დაიკავა და ევროპა ლიგაზე გავიდა.

ევროპა ლიგის საგზური დარჩა „ესპანიოლს“, რომელმაც შინ „სოსიედადს“ აჯობა და ბილბაოს „ატლეტიკს“ გაუტოლდა, რომელიც თავის მხრივ სევილიაში დამარცხდა. ვინაიდან ბარსელონელები ბასკებს პირად მატჩებში აღემატებიან, „ესპანიოლი“ ევროპა ლიგაზეა. ამავე ტურნირზე ითამაშებს „სევილიაც“, თუმცა, ეს ამ ტურამდეც ცნობილი იყო.

მეტი გასაოფიციალურებელი არაფერი ყოფილა. ლა ლიგას „რაიო ვალეკანო“, „უესკა“ და „ჟირონა“ დაემშვიდობნენ, რომლებსაც ახლა ელიტაში დაბრუნებაზე მოუწევთ ზრუნვა.

ლა ლიგის 2018-2019 წლების სეზონის ვერდიქტი კი ასეთია: ჩემპიონი - „ბარსელონა“, ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებენ - „ატლეტიკო“, „რეალი“, „ვალენსია“, ევროპა ლიგაზე ითამაშებენ - „ხეტაფე“, „სევილია“, „ესპანიოლი, ხოლო აწ ნახსენები „ჟირონა“, „უესკა“ და „რაიო ვალეკანო“ დაქვეითდნენ.

„ლევანტე“ – „ატლეტიკო“ 2:2 (2:0)

გოლები: 1:0 ერიკი (6), 2:0 მარტი (36), 2:1 როდრი (68), 2:2 კამელო (79)

„ხეტაფე“ – „ვილიარეალი“ 2:2 (1:1)

გოლები: 1:0 პორტილიო (13),1:1 იბორა (44), 2:1 მაკსიმოვიჩი (76), 2:2 მორენო (87)

„სევილია“ – „ბილბაო“ 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 ბენ იედერი (44), 2:0 ელ ჰადადი (90)

„ესპანიოლი“ – „სოსიედადი“ 2:0 (0:0)

გოლები: 1:0 როსალესი (58), 2:0 ვუ ლეი (65)

„ვალიადოლიდი“ – „ვალენსია“ 0:2 (0:1)

გოლები: 0:1 სოლერი (36), 0:2 როდრიგო (52)

„ალავესი“ – „ჟირონა“ 2:1 (1:0)

გოლები: 1:0 ვაკასო (40), 2:0 კალერი (83), 2:1 პორტუ (86)

„სელტა“ – „რაიო ვალეკანო“ 2:2 (0:1)

გოლები: 0:1 ემბარბა (29, პენ), 0:2 მედრანი (71), 1:2 იაგო ასპასი (82), 2:2 იაგო ასპასი (90)

„უესკა“ – „ლეგანესი“ 2:1 (0:1)

გოლები: 0:1 მანტოვანი (39, ა.გ), 1:1 მანტოვანი (55), 2:1 მანტოვანი (83)

თეგებილა ლიგა
სტატისტიკა
0.281863