ფეხბურთი

17:40 | 18.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ტარიელ ხეჩიკაშვილი: "მიუხედავად იმისა, რომ განთესილებში არ ვართ, ვეცდებით ევროთასებზე წარმატებით ვითამაშოთ"
"შიდა ჩემპიონატში კონკურენციის გარეშე მაღალი დონის ფეხბურთელების მოზიდვა რთულია"

საქართველოს მოქმედი ჩემპიონი "საბურთალო" სულ მალე ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩაერთვება. თბილისური გუნდი განუთესავთა შორისაა და დიდი ალბათობით, სერიოზული მოწინააღმდეგე ეყოლება, თუმცა, გუნდში იმედიანად არიან განწყობილნი.

WORLDSPORT.GE "საბურთალოს" პრეზიდენტ ტარიელ ხეჩიკაშვილს სწორედ ხსენებული თემისა და უახლოესი გეგმების შესახებ ესაუბრა.

„საბურთალოს“ სიძლიერე სტაბილურობაში და იმ ფასეულობის ერთგულებაშია, რომლითაც გამოვირჩევით. ამ ფასეულობებისთვის არ გვიღალატია, როცა საფეხბურთო სკოლა იყო აკადემია, შემდეგ ახალგაზრდული კლუბი. დღეს კი ევროასპარეზზე უნდა დავიცვათ საქართველოს სახელი. ეს ძალიან დიდი პატივია. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ გვაქვს გამოცდილება, განთესილებშიც არ ვართ და შესაბამისად ძალიან ძლიერი მეტოქეები შეგვხვდება, მაინც ვეცდებით ღირსეულად ვიასპარეზოთ. ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ, მათ შორის, სატრანსფერო ბაზარზე მიდის მოლაპარაკებები იმისთვის, რომ ძლიერი ფეხბურთელები ჩამოვიყვანოთ.

გადამწყვეტი სიტყვა მწვრთნელზე და შტაბზეა, რადგან მათი გემოვნების მიხედვით კომპლექტდება გუნდი, ჩვენ კი მათ სრულ ნდობას ვუცხადებთ. კლუბს აქვს შესაძლებლობა იმისა, რომ გაძლიერდეს, თუმცა რიგი სუბიექტური მიზეზებიც არის, რადგან ფეხბურთელსაც უნდა უნდოდეს ამ გუნდში ჩამოსვლა. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ კონკურენტული ჩემპიონატი აუცილებელია. აუცილებელია კონკურენცია, რომ ძლიერი ფეხბურთელები მოიზიდო. ჩვენ თუ ჩემპიონატში მხოლოდ ერთი ან ორი ძლიერი კლუბი გვეყოლება, კარგ ფეხბურთელს ვერ ჩამოვიყვანთ. ის რეფორმები რომელსაც ატარებს ფედერაცია, თუნდაც შეფუთვის კუთხით, ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით, მაყურებელმა დაიწყო რეგიონებში სიარული, ეს არის წინაპირობა, რომ ჩვენ საინტერესო ფეხბურთელები დავიმატოთ და ძლიერი ფეხბურთელები დავაინტერესოთ საქართველოში თამაშით. როგორც კი ამის შესაძლებლობა მოგვეცემა კიდევ უფრო ძლიერ ფეხბურთელებს ჩამოვიყვანთ. ჩვენ გვაქვს ოთხწლიანი განვითარების მოკლე პერიოდი, რომელიც პირდაპირ ეხება იმას, რომ ცალსახად უნდა ვიყოთ ლიდერები ეროვნულ ჩემპიონატში. ევროასპარეზზე აუცილებლად გვინდა ჯგუფში მოხვედრა.

შეიძლება ეს პირველ წელს ვერ მოხვდეს, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ პირველ წელს არ ვიბრძოლებთ. ამ ყველაფერს იმედიანად ვუყურებთ, მაგრამ ეს არ არის მოკლევადიანი პროგრამა და იმედი გვაქვს, რომ უახლოეს წლებში ევროპაში საქართველო ღირსეულად წარვადგენთ“, - გვითხრა ხეჩიკაშვილმა.

0.056603