ტურინის „იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი მიიჩნევს, რომ მისი მემკვიდრე დიდი მწვრთნელი იქნება. მოგეხსენებათ, ალეგრის „იუვედან“ გათავისუფლების შესახებ ცნობა გუშინ ოფიციალურად დადასტურდა.
„იუვენტუსში“ სიყვარულის 5 წელი გავატარე და ამ დროში ვაშენებდით ამ გუნდს. ცხოვრება გრძელდება, ახლა სახლში მივდივარ, შემდეგ ზღვაზე დასვენების დრო მოვა. არ ვიცი ვინ შემცვლის „იუვენტუსში“, მაგრამ დარწმუნებული ვარ დიდი მწვრთნელი იქნება“, - თქვა ალეგრიმ.
შეგახსენებთ, რომ მასიმილიანო ალეგრი „იუვენტუსს“ 2014 წლის ივლისიდან ავარჯიშებდა და ამ პერიოდში 11 ტიტული მოიგო. იტალიელი სპეციალისტი დაკავებულ პოსტს მიმდინარე სეზონის დასრულებისთანავე დატოვებს.
„ბებერი ქალბატონის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე კი არაერთი გვარი დასახელდა. მათ შორის, დიდიე დეშამი, მაურიციო სარი, სიმონე ინძაგი, პეპ გვარდიოლა, მაურისიო პოჩეტინო, ჟოზე მოურინიო და ანტონიო კონტე.