სხვა

18:43 | 16.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ტოკიო-2020-ის სტუმრები იაპონიის კულტურას "ტოკიოს სახლში" გაეცნობიან

2020 წლის ოლიმპიური თამაშების ერთ-ერთი მთავარი კულტურული ცენტრი გახდება „ტოკიოს სახლი", რომელიც განთავსდება ოცნების ხიდის და ოლიმპიური ცეცხლის ფიალის სიახლოვეს.

ორგანიზატორთა აზრით, შერჩეული ადგილი ტურისტთა მაქსიმალურ რაოდენობას მიიზიდავს, რომლებსაც იაპონიის კულტურასთან შეხების, ადგილობრივებთან ურთიერთობის და ეროვნული სამზარეულოს გასინჯვის საშუალება მიეცემათ.

„ტოკიოს სახლში" სპორტსმენებს ელოდებათ საგანგებოდ მათთვის შექმნილი მენიუ და საინტერესო ლექციები. მაგალითად, ოლიმპიელებს იაპონიის მოწინავე უნივერსიტეტები შესთავაზებენ შემეცნებით პროგრამებს.

იაპონიისთვის ეს პირველი მსგავსი პროექტი არ არის. 1998 წლის ნაგანოს ზამთრის ოლიმპიური თამაშებისას ნაგანოში მუშაობდა ასეთივე კულტურის ცენტრი.

აღსანიშნავია, რომ „ტოკიოს სახლისა" და ოლიმპიური ცეცხლის სიახლოვეს შეჯიბრებები ჩატარდება ეგრეთ წოდებულ ქალაქურ სპორტის სახეობებში (სკეიტბორდინგი, 3X3 კალათბურთი, BMX ფრისტაილი), რომლებსაც ოლიმპიური დებიუტი სწორედ ტოკიოში ექნებათ.

www.geonoc.org.ge

0.120963