ფეხბურთი

22:33 | 15.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

კვირკველია და კვარაცხელია რუსეთის თასის ფინალში გავიდნენ

მოსკოვის „ლოკომოტივი“ რუსეთის თასის ფინალში გავიდა. იური სიომინის გუნდმა ნახევარფინალის საპასუხო მატჩი „როსტოვს“ მისსავე მოედანზე რიფატ ჟემალეტდინოვისა და ფიოდორ სმოლოვის გოლებით 2:0 მოუგო. პირველი თამაში მოსკოვში ფრედ (2:2) იყო დასრულებული და შედეგად, ფინალის საგზური „რკინიგზელებს“ დარჩათ.

„ლოკომოტივის“ რიგებში შეუცვლელად ითამაშა სოლომონ კვირკველიამ, რომელმაც 37-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო ხვიჩა კვარაცხელია სათადარიგო სკამზე დარჩა.

ამრიგად, ქართველებს სეზონის ტიტულით დასრულების ჩინებული შანსი აქვთ. კვარაცხელიასთვის ეს პირველი ჯილდო იქნება მოსკოველთა რიგებში, კვირკველიამ კი რუსეთის თასი ამ გუნდთან ერთად ორი წლის წინაც მოიგო.

„ლოკომოტივი“ ფინალში „ურალს“ დაუპირისპირდება, რომელმაც ნახევარფინალში გია გრიგალავას „არსენალი“ დაამარცხა (ორი მატჩის ჯამში 3:2). ხსენებული მატჩი 22 მაისს, სამარაში გაიმართება.

0.131242