შვედური „გიოტებროგის“ ქართველი შემტევი გიორგი ხარაიშვილი ჩინებულ ფორმაშია. 22 წლის ფეხბურთელმა შვედეთის ალსვენსკანის ზედიზედ სამ ტურში მოახერხა გოლის გატანა.
წინა ორ შემთხვევაში გიორგიმ „აიკსა“ და „სიურისს“ გაუტანა, თან საგოლე პასებიც შეასრულა. ამჯერად კი, „ნორჩეპინგთან“ საგარეო შეხვედრის გმირი გახდა. ხარაიშვილმა 83-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 1:1 იყო, გაიტანა და საკუთარ გუნდს მნიშვნელოვანი სამი ქულა მოუტანა.
ქართველმა მარჯვენა ფლანგიდან გაკეთებული გადაცემა საჯარიმოში მიიღო, მისი პირველი დარტყმა მცველმა დაბლოა, მაგრამ დამატებაზე ჩვენებურს ხელი ვერავინ შეუშალა და მეტოქის კარი აიღო.
ხარაიშვილისთვის ეს მიმდინარე სეზონში (უშუალოდ ალსვენსკანში) მესამე გოლი გამოდგა (მეშვიდე მატჩში). „გიოტებორგი“ კი რვა ტურის თავზე 16 ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერ „მალმეს“ ერთადერთი ქულით ჩამორჩება.