ფეხბურთი

21:30 | 13.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ლოკომოტივში" კვირკველიასა და კვარაცხელიას ბედი გაურკვეველია

მოსკოვის „ლოკომოტივში“ სოლომონ კვირკველიასა და ხვიჩა კვარაცხელიას მომავალი გაურკვეველია. ჟურნალისტი ნობელ არუსტამიანი წერს, რომ მხარეები კონტრაქტზე შეთანხმებას ვერ ახერხებენ.

„იგორ დენისოვთან ერთად „ლოკომოტივს“ მანუელ ფერნანდეში და ედერი დატოვებენ. ევროპის ჩემპიონი პორტუგალიელი „ლოკოს“ გეგმებში აღარ ჯდება. ქართველი ლეგიონერების, კვირკველიასა და კვარაცხელიას ბედი კი გაურკვეველია. მცველზე ადრეც ვწერდი, ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს, მაგრამ შეთანხმებას დღემდე ვერ აღწევენ.

რაც შეეხება ხვიჩას, ის „ლოკომოტივში“ იჯარითაა და „რუსთავი“ არ თანხმდება ფეხბურთელის სრულფასოვნად გაყიდვას. მოლაპარაკებების პროცესს ის ართულებს, რომ საიჯარო ხელშეკრულებაში გამოსასყიდი თანხა მითითებული არაა. 18 წლის ხვიჩას ევროპიდან, პორტუგალიიდან, ბელგიიდან და გერმანიიდან აქვს წინადადებები. ისინი ხედავენ კვარაცხელიაში პოტენციალს, ამიტომ უნდათ გამოისყიდონ, რომ შემდეგ სხვა ფასში გაყიდონ“, - დაწერა არუსტამიანმა ტელეგრამში.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია „რუსთავიდან“ „ლოკომოტივს“ იჯარით მიმდინარე წლის დასაწყისში შეუერთდა და „რკინგზელთა“ მაისურით ჩატარებულ 6 მატჩში 1 გოლი გაიტანა.

რაც შეეხება კვირკველიას, მოსკოვურ გუნდში 2017 წლიდან თამაშობს. ამ პერიოდში 27 წლის ჩვენებურმა 94 თამაშში 4 გოლი მიითვალა, ერთხელ რუსეთის ჩემპიონი გახდა, ერთხელ კი რუსეთის თასი მოიგო.

0.129275