„მანჩესტერ იუნაიტედმა“ 2018-2019 წლების სეზონი „კარდიფ სიტისთან“ საკუთარ მოედანზე მარცხით დაასრულა. თამაშის შემდეგ კი, გულშემატკივრები პოლ პოგბას დაუპირისპირდნენ.
„წითელი ეშმაკების“ ქომაგები ფრანგის შეურაცხყოფას არ მორიდებიან და უშვერი სიტყვებით შეამკეს როგორც თავად პოგბა, ისე მისი ინსტაგრამის გვერდი. ამით ფანებმა ხაზი გაუსვეს, რომ პოგბა სოციალურ ქსელს უფრო მეტ დროს უთმობს, ვიდრე ფეხბურთს.
საინტერესო იყო პოლის რეაქცია შეურაცხყოფაზე - ის გულშემატკივრებთან პოლემიკაში არ შესულა და პირიქით, მათ გაღიმებული ესალმებოდა.
დიდი შანსია, ეს პოგბას ბოლო თამაში გამოდგეს „ოლდ ტრაფორდზე“, რადგან ფრანგს „რეალი“ და „იუვენტუსი“ ეპატიჟებიან.