ფეხბურთი

15:42 | 13.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

არეულობა შვეიცარიაში: ოთარ კაკაბაძის გუნდის თამაში მეტოქის ფანებმა ჩაშალეს (+VIDEO)

შვეიცარიის სუპერლიგის 33-ე ტურში ოთარ კაკაბაძის „ლუცერნმა“ ციურიხის „გრასჰოპერსს“ უმასპინძლა და 4:0 ამარცხებდა, მაგრამ შეხვედრა არ დასრულებულა. თავიდან გეტყვით, რომ ქართველი მცველი ძირითად შემადგენლობაში იყო და არ შეუცვლიათ.

თამაშის არდასრულების მიზეზი კი, სტუმარი გულშემატკივრები გახდნენ. „გრასჰოპერსი“ შვეიცარიის ყველაზე ტიტულოვანი გუნდია, რომელსაც ჩემპიონატი 27-ჯერ, ხოლო თასი 19-ჯერ აქვს მოგებული. თუმცა, მიმდინარე სეზონში ციურიხული გუნდი საშინლად თამაშობს და პრაქტიკულად ჩელენჯლიგაშია დაქვეითებული.

სწორედ ამიტომ, ფანები ფეხბურთელებს უპირისპირდებიან და ასე იყო გუშინაც, ლუცერნში. მატჩის 71-ე წუთზე, როდესაც“გრასჰოპერსი“ 0:4 მარცხდებოდა, ფანები მოედანზე შეიჭრნენ და საკუთარ ფეხბურთელებს დაუპირისპირდნენ. მათი მოთხოვნაა, რომ ფეხბურთელებმა „გრასჰოპერსის“ მაისური აღარ უნდა მოირგონ, რადგან მიიჩნევენ, რომ უღირსად აცვიათ.

საბოლოოდ, ვითარება ვერ დალაგდა და მთავარმა მსაჯმა მატჩის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.

„ეს უკვე ბოლო პერიოდში მეორედ მოხდა. ჩვენ გვესმის გულშემატკივართა იმედგაცრუების, მაგრამ ძალადობრივი ქმედებები, რომელიც მატჩის შეწყვეტას გამოიწვევს, ჩვენთვის მიუღებელია და ვგმობთ“, - ნათქვამია ციურიხის გუნდის განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ მარტში „გრასჰოპერსის“ ფანებმა მოედანზე პეტარდები ისროლეს და თამაში მაშინაც ჩაშალეს. აქვე გეტყვით, რომ ციურიხელები სეზონის დასრულებამდე 3 ტურით ადრე, სამშვიდობო ზონას 12 ქულით ჩამორჩებიან. თუმცა, თავად ერთი თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული („ლუცერნთან“ ჩაშლილი მატჩი - ავტ). ასე, რომ „გრასჰოპერსს“ არაფერი აშორებს უკანასკნელ 68 წელიწადში პირველ დაქვეითებას.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.105453