ნაცუ ბაშოს მეორე საშეჯიბრო დღეს მორიგი გამარჯვება მოიპოვა ლევან გორგაძემ. სეკივაკე ტოჩინოშინის მეტოქე მეორე მაეგაშირა დაიეშო იყო, რომლის დამარცხებაც ქართველ სუმოისტს არ გასჭირვებია.
ტოჩიმ იაპონელ მეტოქეს დამაჯერებლად სძლია. შეტაკებისთანავე მოახერხა მავაშში ხელის ჩაჭიდება და დოჰიოს კუთხესთან მიიმწყვდია. ჩვენებურმა 25 წლის დაიეშოს ცურიდაშის ილეთით აჯობა.
ურთიერთშეხვედრებში ეს ტოჩისა და დაიეშოს მე-7 დაპირისპირება გახლდათ, რომელთაგანაც ლევანს სრული უპირატესობა აქვს - 6 მოგება 1 მარცხის წილ.
ამრიგად, წლის მესამე სუპერტურნირზე ტოჩინოშინს ორიდან ორი გამარჯვება აქვს და კარგ ფორმაშია. ქართველს დადებით ბალანსამდე 6 მოგება აშორებს, თუმცა ოძეკის ტიტულის დასაბრუნებლად, დარჩენილი 13 ორთაბრძოლიდან მინიმუმ 8 გამარჯვების მოპოვება მართებს.
ხვალ ტოჩი მე-4 მაეგაშირა ოკინოუმთან მოსინჯავს ძალებს, რომელთანაც ურთიერთშეხვედრებში 7 მოგება და 5 მარცხი აქვს. ამ ბაშოზე კი ქართველი სუმოისტის ხვალინდელმა მეტოქემ ორივე ბრძოლა წააგო.
ტოჩინოშინისგან განსხვავებით თავისი შეხვედრა დათმო თეიმურაზ ჯუღელმა. გაგამარუს შიკონათი ცნობილი ქართველი სუმოისტი ჯურიოს მერვე ნომერ კიოკუტაისეის შეხვდა და მისი დამარცხება ვერ შეძლო.
გაგამარუს მიმდინარე ბაშოზე 1 მოგების საპირისპიროდ 1 მარცხი აქვს, მისი მომდევნო მეტოქე კი ჩიონოუმი იქნება.