ჩოგბურთი

13:05 | 3.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

China Open-ზე ქალთა შორის ნახევარფინალისტები გამოვლინდნენ

ჩინეთის დედაქალაქ პეკინში მიმდინარე China Open-ის ტურნირზე ქალთა შორის ნახევარფინალისტები გამოვლინდნენ. ჩეხი პეტრა კვიტოვა ავსტრალიელ სამანტა სტოსურს დაუპირისპირდება, ხოლო სერბი ანა ივანოვიჩი რუს მარია შარაპოვას შეხვდება.

ანა ივანოვიჩს და სამანტა სტოსურს მეოთხედფინალში მოწინააღმდეგეები არ გამოუცხადნენ და უბრძოლველად გააღწიეს ნახევარფინალში. სერბის მეტოქე რეიტინგის მეორე ნომერი, რუმინელი სიმონა ჰალეპი უნდა ყოფილიყო. მაგრამ სიმონას ბარძაყის ტრავმამ შეაწუხა და თამაშზე უარი განაცხადა. მეორე იღბლიანი სამანტა სტოსური აღმოჩნდა, რომლის მეტოქე პლანეტის ნომერი პირველი ჩოგბურთელი სერენა უილიამსი უნდა ყოფილიყო. სერენას მარცხენა მუხლის ტრავმა აქვს, რის გამოც უარი განაცხადა თამაშზე.

ჩეხმა პეტრა კვიტოვამ რეიტინგის 44-ე ნომერი, იტალიელი რობერტა ვინჩი დაამარცხა (7:6, 6:4). პირველ სეტში ვინჩი 5:1 იგებდა, თუმცა კვიტოვამ სასწაული მოახდინა და სეტი ტაი-ბრეიკამდე მიიყვანა. ტაი-ბრეიკზე ჩეხმა იტალიელი უშანსოდ დატოვა და 7:2 დაამარცხა. მეორე სეტიც კვიტოვასთვის მძიმედ დაიწყო. ვინჩი 2:0 დაწინაურდა. კვიტოვამ შეძლო ბრეიკის უკან დაბრუნება და საბოლოდ სეტი თავის სასარგებლოდ დაასრულა.

რუსმა მარია შარაპოვამ თანამემამულე სვეტლანა კუზნეცოვა მარტივად დაამარცხა (6:0, 6:4)

პირველ სეტში მარიამ სვეტლანას მასტერკლასი ჩაუტარა და მშრალზე მოუგო. მეორე სეტში კუზნეცოვამ გაიბრძოლა, მაგრამ შარაპოვამ მატჩი ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა.

China Open-ის საპრიზო ფონდი 2100000 ამერიკული დოლარია.


ლაშა ქოიავა

0.109899