ბლოგი

20:15 | 12.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

უეფას ნოვაციები ბეჩავთათვის

წელიწადი ისე არ გავა, უეფამ საზოგადოების წინაშე ახალი უცნაური იდეა რომ არ წამოაყენოს და შემდეგ უკვე მიდის ამ ეპატაჟური იდეების განსჯა და განხილვა. ეს ტენდენცია განსაკუთრებით მას შემდეგ მოძლიერდა, რაც ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანოში კორუფციული სკანდალები ჩაცხრა და ახალი მენეჯმენტი დღენიადაგ ცდილობს საზოგადოებას აჩვენოს, რომ ნოვაციების მოფიქრებითა და ევროფეხბურთის პროგრესის გზაზე შეყენებითაა დაკავებული.

ობიექტურობა მოითხოვს იმის თქმას, რომ ზოგი ნოვაცია ამართლებს. ყოველ შემთხვევაში სიახლეებით კმაყოფილი ხალხიც ბევრია. სხვა ქვეყნების საფეხბურთო ნაკრებთა ქომაგების აბა რა მოგახსენოთ და ქართველი გულშემატკივრები კი მეტად კმაყოფილები არიან ევროპის ერთა ლიგის შექმნით. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს სანუკვარ მიზნამდე - ევროპის ჩემპიონატის დასკვნით ეტაპზე გასვლამდე ჯერაც აშორებს დიდი ბარიერები ფაქტია, რომ ჩვენ მათ შორს ვართ, ვინც ასეთი ახალი ფორმატებით უკვე გემრიელად ისარგებლა. იმედი გვაქვს, ყველაფერი ისე დასრულდება, როგორც ყველანი ვოცნებობთ.

თუმცა, უეფას ასევე აქვს მეტად უცნაური სიახლეებიც. მაგალითად, კვლავ გაიჟღერა უდაბლესი რეიტინგის გამო აწუკვე გაუქმებული საკლუბო ტურნირის, ინტერტოტოს თასის აღდგენის იდეამ. გერმანიის საფეხბურთო კავშირში ამ იდეას ცინიკური უწოდეს, ბრიტანელებმა კი ახლავე განაცხადეს, რომ პრემიერლიგის კლუბების ამგვარ უსაგნო ტურნირებზე მოცდენას არ აპირებენ. პარალელურად ვრცელდება აზრი, რომ შესაძლებელია ქართველთათვის ესოდენ ნაცნობი თასების მფლობელთა თასიც აღდგეს.

რას მოუტანს ევროპულ ფეხბურთს გაუქმებული საკლუბო ტურნირების აღდგენა - ეს ცალკე მოკვლევის საგანი უნდა გახდეს, თუმცა შეგვიძლია ვივარაუდოთ თუ რატომ გაჩნდა ასეთი იდეები და რა უძღვოდა წინ “წარსულის გაცოცხლების“ აზრს. საფიქრებელია, რომ ევროპის საერთაშორისო საკლუბო სარბიელის მხოლოდ ორი ტურნირით შემოფარგვლამ საბოლოოდ ააღებინა განვითარების პერსპექტივებზე ხელი საშუალო და საშუალოზე დაბალი დონის კლუბებს. ეს ყველაფერი ცხადია დაფინანსების შემცირებასა და სპონსორების დაფრთხობაშიც გამოიხატება. როდესაც სპონსორმა იცის, რომ მის მიერ დაფინანსებული კლუბი ასეთი კონფიგურაციის პირობებში თითქმის ვერასოდეს გავა ვერც ერთი ევროტურნირის ძირითად ბადეში, ბუნებრივია უჩნდება განცდა, რომ ფულს ტყუილად ყრის. ამას კი ავტომატურად მოჰყვება სპონსორის მხრიდან ისეთი გალაღებული გუნდებით დაინტერესება, რომლებსაც ფული ახლაც არ აკლიათ და მეტიც - თავზეც კი გადასდის...

ალბათ დამეთანხმებით, რომ ევროპული საკლუბო ფეხბურთი მხოლოდ ევროგრანდთა ურთიერთჭიდილი არაა და თუკი მთელი რესურსები მხოლოდ გრანდებზე გადანაწილდება, საერთოდ აზრს დაკარგავს კლუბების დაფინანსება ვთქვათ ხორვატიაში, ჩეხეთში ან პოლონეთში. აღარაფერს ვამბობ საქართველოსთანა ქვეყნებზე, სადაც ისედაც ღარიბი კლუბებისთვის თუნდაც ყველაზე ჯიბეგამოფხეკილი სპონსორის მოძიებაც კი ურთულესი საქმეა.

ბევრი რომ არ გავაგრძელოთ სავარაუდოა, რომ უეფას ძველი ტურნირების აღდგენით სურს იმედი და მოტივაცია გაუჩინოს საშუალო და დაბალი კლასის კლუბებს, რათა ისინი კიდევ უფრო არ გაღარიბდნენ და ბოლოს საერთოდ არ გაკოტრდნენ (რისი სამწუხარო მაგალითებიც მთელს ევროპაში მრავლადაა).

ეს ძალიან გავს ჩვენს მიერ დასაწყისშივე ნახსენებ ევროპის სანაკრებო ერთა ლიგის შექმნის არსს. ამ ორივე შემთხვევაში ევროპის ფეხბურთის ბოსები აღიარებენ, რომ პრობლემები ნამდვილად არსებობს და განსაკუთრებით აღმოსავლეთევროპელთა თანმდევი უსამართლობის განცდა სულაც არაა მოგონილი და თითიდან გამოწოვილი. ახლა საქმე ისაა, ჩვენი ბეჩავი საფეხბურთო კლუბები რამდენად მოახერხებენ თუნდაც ინტერტეტოს თასის დონეზე ხარისხოვნად თამაშს და არასაფეხბურთო ანგარიშით მრავალგზის მარცხით როდის აღარ მოგვჭრიან თავს მთელს მსოფლიოში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124392